Facebook Twitter

ას-124-467-07 29 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი– ნ. ნ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ზ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პ...ი, საქართველოს პა...ი და ი... სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განჩინების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ზ. ი-მა აღიარებითი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პ...ის, საქართველოს პა...ის და საქართველოს ი...ს მიმართ და მოითხოვა სასამართლოს მიერ იმის აღიარება, რომ მისი მამკვიდრებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: 1875 წლის დანართი ფურცელი, 1879 წლის სანოტარო აქტი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილების 1919 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება იურიდიული ძალის მქონეა, ნამდვილია და ადასტურებს მისი მამკვიდრებლის საკუთრების უფლების 1996 წლის 13 ნოემბრამდე წარმოშობას და სხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აღიარებით სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი და მოსარჩელეს დაევალა დაეზუსტებინა აღიარებითი სარჩელის მოთხოვნები, კონკრეტულად მიეთითებინა იმ მტკიცებულებებზე, რომელზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას, განესაზღვრა სარჩელის ფასი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აღიარებითი სარჩელი დატოვებულ იქნა უმოძრაოდ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ნ. ნ-ის სასარჩელო განცხადების განსახილველად უფლებამოსილი სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად.

2006 წლის 13 ნოემბერს ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ზ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ის წარმომადგენლის ზ. ი-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ზ. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა იმ განჩინების ბათილად ცნობას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს ნ. ნ-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად, ანუ საქმის წარმოება ამ შემთხვევაში არსებითად არ დამთავრდა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ზემოაღნიშნული მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის მოთხოვნით შეიძლება შეტანილი იქნეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ იმ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე, რომლითაც საქმის წარმოება დამთავრებულია. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით განსახილველი საქმე გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ნ. ნ-ის წარმომადგენლის ზ. ი-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე. ამდენად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ნ-ის წარმომადგენლის ზ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.