ას-125-468-07 9 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჭ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ ღობის აღება და ხელშეშლის აღკვეთა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჭ-მ 2005 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ღობის აღების მოპასუხისათვის დავალება და მისი ქონების განკარგვაში ხელშეშლის აღკვეთა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2005 წლის 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 სექტემბრის ¹822 განკარგულების საფუძველზე საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ანაზღაურების მიზნით ... ქ. ¹8-ში მდებარე 140 კვ.მ ფართობი ქ.თბილისის ...ის მიერ გადაეცა საკუთრებაში. იგი აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მითითებით, რ. კ-ს, რომელიც ცხოვრობს იქვე მდებარე ... ქ. ¹27-ში მის კუთვნილ ფართზე გავლებული აქვს ღობე და ედავება ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს ტექბიუროს მიერ გაცემული საკადასტრო ნახაზის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თ. ჭ-ს უარი ეთქვა რ. კ-სათვის მიწის ნაკვეთიდან ღობის აღების დავალებაზე. თ. ჭ-ს უარი ეთქვა საკუთრებით სარგებლობაში რ. კ-ის მიერ ხელშეშლის აღკვეთაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჭ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით აპელანტ თ. ჭ-ს ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მიეცა ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. განჩინებით მას განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განჩინებით თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2006 წლის 19 დეკემბერს, მან კი ხარვეზი შეავსო და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დაწესებული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, 8 იანვარს, რაც სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად ჩათვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ჭ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება კანონიერია და მის მიერ სახელმწიფო ბაჟის არადროული გადახდა გამოიწვია დაუძლეველმა ძალამ. მან მძიმე ავადმყოფობის გამო დროულად, დათქმულ ვადაში ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და შესაბამისად სასამართლოში ვერ წარადგინა ბაჟის გადახდის დამადატურებელი ქვითარი. თ. ჭ-ის მძიმე ავადმყოფობის გამო სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა მისმა მეგობარმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჭ-მ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით აპელანტ თ. ჭ-ს ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მიეცა ვადა _ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. განჩინებით მას განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 88-89). საქმის ფურცელ 93-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შეტყობინებიდან ირკვევა, რომ თ.ჭ-ს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა 2006 წლის 19 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას ხარვეზი უნდა შეევსო 31 დეკემბრის ჩათვლით. მან 2007 წლის 8 იანვარს განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 94-99).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. ჭ-ის წარმომადგენელი ა. ბ-ის მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, რადგან ეს გარემოება ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან, თ. ჭ-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.