საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№687აპ-16 ქ. თბილისი
დ-ე რ, 687აპ-16 22 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის განაჩენით რ. დ-ე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რ. დ-ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. რ. დ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდა მის შემტანს.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
რ. დ-ემ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანა,“ რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2015 წლის 28 აგვისტოს რ. დ-ე თ-ში, ს-ის გამზირისა და ჯ-ას ქუჩის გადაკვეთასთან დააკავეს და მისი კუთვნილი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ჯამურად შეადგენს 23.2061 გრამ „გამომშრალ მარიხუანას.“
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენს ასაჩივრებს რ. დ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული და შეტანილი გირაოს საკითხის გადაწყვეტის ნაწილში და ითხოვს რ. დ-ის გირაოს თანხის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას. კასატორის მითითებით, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს პირობები დარღვეულია, კერძოდ, რ. დ-ემ, „გირაოს ქვეშ მყოფმა,“ ჩაიდინა სხვა დანაშაული (გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით), რის გამოც განაჩენის გამოტანისას, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5000 ლარი სახელწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხულიყო, მაგრამ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს. 2015 წლის 7 სექტემბრის გირაოს შემტანისა და ბრალდებულის გაფრთხილების შესახებ ოქმების თანახმად, ბრალდებული და გირაოს შემტანი პირი გაფრთხილებულნი იყვნენ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელწმიფო ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ გირაოს თანხის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას იმ მოტივით, რომ რ. დ-ემ დაარღვია გირაოს გამოყენების პირობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილისა და ამავე კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილს და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა თანახმადაც, პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობის გარეშე გირაოს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან. ამდენად, რ. დ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხის - 5000 ლარის დაბრუნების ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დებულებანი დარღვეული არ არის.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე