საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№647აპ-16 ქ. თბილისი
გ. გ-ი, 647აპ-16 3 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის განაჩენით გ. გ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. გ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.
· გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 19 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2015 წლის 18 აგვისტოს ა-ში, ე.წ. „უ-ს“ უბანში, მთვრალ გ. ხ-სა და გ. გ-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს გ. ხ-ის მიმართ გ. გ. შურისძიების გრძნობით განეწყო და მისი მოკვლა განიზრახა. გ. გ-მა გ. ხ-ს თანნაქონი დანა გულმკერდის არეში დაარტყა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. აღნიშნულ ჩხუბში ჩაერთო იქვე მყოფი პ. მ-იც და სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა. გ. გ-მა ხელთნაქონი დანა კონფლიქტში ჩართულ პ. მ-ს განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის წინა, მარცხენა ზედაპირზე დაარტყა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად პ. მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ. ხ. საავადმყოფოში გადაიყვანეს და იგი სამედიცინო ჩარევის შედეგად გადარჩა.
· გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ა-ში, ე. მ-ის ქუჩა N--ში მცხოვრებმა გ. გ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ერთი ცალი ქარხნული წესით დამზადებული ელექტრო დეტონატორი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში. 2015 წლის 19 აგვისტოს ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და ამოიღეს გ. გ-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. გ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე, 122-ე მუხლებით დაკვალიფიცირებასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას; აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული - სამი წლით თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვრამდე შემცირებას. დანაშაულის იმავე კვალიფიკაციით დატოვების შემთხვევაში კასატორი ითხოვს გ. გ-ის ქმედების ხასიათის, გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებასა და დანიშნული სასჯელის შემცირებას. დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია გამოძიების დროს და სასამართლოში მიცემულ ჩვენებათა ურთიერთშეუსაბამო ხასიათს. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო გ. გ-ის განმარტებები და გვერდი აუარა უტყუარ მტკიცებულებებს. სასამართლომ ვერ ახსნა ის გარემოება, თუ არა ცემის შედეგად, სად უნდა მიეღო გ. გ-ს არსებული დაზიანებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პ. მ., თ, ყ. და გ. ხ. ალკოჰოლურ სიმთვრალეში მოქმედებდნენ, რის გამოც თავიანთ ქცევას კონტროლს ვერ უწევდნენ.
6. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გვერდი აუარა გ. ხ-ის მიერ სანადირო თოფის გამოტანას სახლიდან. ბრალდების მხარის მიერ შექმნილი ვერსია, რომ სანადირო თოფის გამოტანის დროს გ. ხ. უკვე დაჭრილი იყო, ბათილდება გამოძიების დროს გ. ხ-ის მეუღლის მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმადაც, თოფისათვის სახლში შესვლის დროს მას გ. ხ-ის მაისურზე სისხლი არ დაუნახავს. თოფი მან გ. გ-ის მოკვლის მიზნით გაიტანა, რისი საშუალებაც, ამ უკანასკნელის მიერ მისი წართმევის გამო, არ მიეცა. კასატორის მითითებით, მკვლელობის განზრახვა საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, ვინაიდან ყველა მოწმე ადასტურებს გ. გ-ის მათთან კარგ მეზობლურ ურთიერთობას.
7. კასატორის მოსაზრებით, გ. გ-ს გ. ხ., პ. მ-ი და თ. ყ. დამამცირებლად მოეპყრნენ, რის საფუძველზეც კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. პ. მ-მა გ. გ-ს დაარტყა მუშტი, თ. ყ-მა კი - ხელი, რაც გადაიზარდა ჩხუბში. გ. ხ-მა სახლიდან გამოიტანა თოფი მსჯავრდებულის მოკვლის მიზნით, რომლის წართმევას ცდილობდა გ. გ., მაგრამ ამ დროს მას თავს დაესხნენ, წააქციეს, დაუწყეს ცემა და მიაყენეს სხეულის დაზიანებები. დაუდასტურებელია ვერსია გ. გ-ის მიერ გ. ხ-ის დაჭრის შესახებ კონფლიქტის დაწყებისთანავე, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნავენ გ. გ. მათგან შორს იჯდა და ჭიქას ვერ აწვდიდნენ.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. კასატორის პოზიციით, გ. გ. თავს იცავდა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და მას სხვაგვარად არ შეეძლო მისკენ მიმართული შეტევის მოგერიება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინა პირობათა ელემენტები დამოუკიდებლად განიხილა, შეაფასა და მათი საქმის მასალებთან შეუსაბამობა დაასაბუთა. აგრეთვე განმარტა, თუ გ. გ-ის ჩვენების რომელი ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგება საქმეში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №424აპ-16, №58აპ-15).
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა გ. ხ-ის მიერ სანადირო თოფის სახლიდან გამოტანას და მკვლელობის განზრახვა საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც არ დაეთანხმა დაცვის მხარეს.
11. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გ. გ. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 19,108-ე მუხლითა და 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.
12. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ის მიერ ჩადენილ ყოველ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობთ დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე