ას-126-456-08 23 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ზ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა, ქონების გაყოფა და ალიმენტის დაკისრება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 17 სექტემბერს ნ. ა-ძემ (წარმომადგენელი დ. ა-შვილი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ი. ზ-შვილის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის არსებული ქორწინების შეწყვეტა, ქონების გაყოფა და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება (ს.ფ. 2-11 ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი. ზ-შვილს და ნ. ა-ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ნ. ა-ძე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ¹8-ში მდებარე ი. ზ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 2\3-ის მესაკუთრედ. ი. ზ-შვილს დაეკისრა ნ. ა-ძის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების _ რ. და თ. ზ-შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი, ყოველთვიურად 150-150 ლარის, სულ _ 300 ლარის ოდენობით, 2008 წლის 17 სექტემბრიდან მათ სრუწლოვანებამდე (ს.ფ. 60-68 ტ.I).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ზ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ა-ძის ქონების 2\3 მესაკუთრედ ცნობისა და ალიმენტის 300 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის ბინის 1\2-ის მესაკუთრედ ცნობა და თითოეულ ბავშვზე ალიმენტის 100-100 ლარის, სულ _ 200 ლარის დაკისრება (ს.ფ.71-81 ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი. ზ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და მისი 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ.3-5 ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ი. ზ-შვილს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2008 წლის 29 დეკემბერს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე, ხოლო მის მიერ განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ არ წარმოდგენილა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ.10-12 ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ზ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ი. ზ-შვილს მის მიერ მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე _ სამუშაო ადგილზე ჩაჰბარდა ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი. თუკი ი. ზ-შვილის სამუშაო ადგილას _ ქ. თბილისის მერიაში მართლაც შევიდა განჩინების ასლი, ამის შესახებ მისთვის არ უცნობებიათ. თუ რა მიზეზით ვერ მიაღწია განჩინებამ ადრესატამდე, მისთვის უცნობია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ი. ზ-შვილს აგრეთვე არ ჩაბარებია მის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე (ს.ფ.17-18 ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი. ზ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და მისი 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება ი. ზ-შვილს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2008 წლის 29 დეკემბერს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ განჩინების ასლი მისთვის ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მას პირადად არ გადაცემია. განჩინების გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ გზავნილი ჩაბარებულია კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული მისი სამუშაო ადგილის მისამართზე 2008 წლის 29 დეკემბერს, რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გზავნილი გაიგზავნა მისი ძირითადი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართზეც, მაგრამ ოჯახის წევრმა გზავნილი არ ჩაიბარა (ს.ფ.19, ტ.II). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საჩივარი აღარ მიიღება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ზ-შვილმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც სააპელაციო საჩივრი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ზ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.