ას-128-471-06 26 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. მ-ი E(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..”
(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. მ-მა სარჩელი აღძრა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში სს „ .. ..“ მიმართ და მოითხოვა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება იმის გამო, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
აღნიშნულ განჩინებაზე ჯ.მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი მისი გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის განჩინებით ჯ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
2007 წლის 11 იანვარს ჯ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
მან მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა არათუ საქმეში არსებული მასალები სამართლებრივად სწორად შეაფასეს, არამედ საქმე განიხილეს ზეპირი განხილვის გარეშე, რამაც არ მისცა მას საშუალება სსმოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე ემტკიცებინა ის გარემოებები, რაზედაც თავის მოთხოვნებს ამყარებდა.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 დეკემბრის განჩინების არსებობა, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება, რომლის საფუძველზეც .. .. მას შეუწყვიტა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო სარჩოს გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით ჯ. მ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე ჯ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა, რომ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის განჩინება, განახლდეს საქმის წარმოება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ჯ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჯ.მ-მა სარჩელი აღძრა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში სს „ .. ..“ მიმართ და ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით (იხ. განჩინება, საქმე ¹2/237).
აღნიშნულ განჩინებაზე ჯ.მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი მისი გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის განჩინებით ჯ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;
2. მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;
3. მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;
4. მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;
5. მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
აღნიშნული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ.მ-ს განცხადება შემოტანილი აქვს განსჯადობის წესის დარღვევით, ვინაიდან მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განცხადება განჩინების ბათილად ცნობის შესახებ უნდა შეეტანა განჩინების გამომტან, მოცემულ შემთხვევაში ბორჯომის რაიონულ სასამართლოში, ხოლო ის გარემოება, რომ არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის განჩინება ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, არ ცვლის განსჯადობას და განცხადება უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად (ძალაში) დატოვა იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მოცემულ შემთხვეაში საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ჯ. მ-ის განცხადება განუხილველად, ვინაიდან განცხადება დაუშვებელია იმის გამო, რომ დარღვეულია განსჯადობის წესი, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.