Facebook Twitter

ას-129-459-09 19 თებერვალი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. მ-ელი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ყ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ყ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ელის, მესამე პირის _ ქ.თბილისის ნოტარიუს ნ. გ-ძის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობის გაუქმების, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ყ-შვილმა.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

2009 წლის 29 დეკემბერს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, იშუამდგომლეს მისი დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. მ-ელმა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება გააუქმა, რადგანაც აღნიშნულ გარემოებაზე არ ყოფილა კერძო საჩივრის ავტორის თანხმობა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით დასახელებული გადაწყვეტილების გაუქმების უფლება არ ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ელის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. მ-ელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 22 იანვარს (ტ.IV, ს.ფ.443), შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2009 წლის 3 თებერვალს.

დადგენილია ასევე, რომ თ. მ-ელმა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 4 თებერვალს (ტ.IV, ს.ფ.447), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნული თ. მ-ელის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ელის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.