Facebook Twitter

¹ას 131-474-07 19 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ბ-ის და ლ. დ-ის წარმომადგენლის მ. ნ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ბ-ის და ლ. დ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების ნ. ბ-ის, ... გამომძიებლის მ. კ-ის და ... მიმართ, ყადაღის მოხსნის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მ. ბ-ის და ლ. დ-ის სარჩელი მოპასუხე ... გამომძიებლის მ. კ-ის და ... მიმართ ყადაღის მოხსნის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მ. ნ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ის და ლ. დ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-მ, რომელიც განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ის და ლ. დ-ის წარმომადგენელს მ. ნ-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2006 წლის 18 დეკემბერს (ს.ფ. 272), ხოლო განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2007 წლის 3 იანვარს.

მ. ნ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიმდინარე წლის 17 იანვარს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ბ-ის და ლ. დ-ის წარმომადგენლის მ. ნ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.