საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-132-409-08 16 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ც. წ-ული
მოწინააღმდეგე მხარე – გედეონ გელბახიანი, ნინო კავკასიძე, თამაზ ჩანტლაძე, ელგუჯა დრიაშვილი და სხვები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1999 წლის 15 ივნისს თენგიზ მუხიგულმა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იმ მიწის ნაკვეთის მისთვის დამაგრება, რომელზედაც ქ. თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქ.¹4-ში მცხოვრები ელგუჯა დრიაშვილი აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით თენგიზ მუხიგულის სარჩელი მოპასუხე ელგუჯა დრიაშვილის მიმართ სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის დამაგრებისა და ამ ნაკვეთის ქ. თბილისში, ი. ა-ძის ქ. ¹.-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარგებლობისაგან გამიჯვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თენგიზ მუხიგულმა და ციცინო წიკლაურმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და დაზუსტებული სარჩელით სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურება, ასევე მუნიციპალიტეტის კაბინეტის 17.06.1997 წლის ¹12 125 779 დადგენილების ბათილად ცნობა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ და ბოლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით, კასატორების _ თენგიზ მუხიგულისა და ციცინო წიკლაურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2007 წლის 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე თენგიზ მუხიგულისა და ციცინო წიკლაურის წარმომადგენელ დავით იაკობიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხეებად ჩაერთვნენ თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქ.¹2-ში მცხოვრებლები: ნინო კავკასიძე, თამაზ ჩანტლაძე, ნინელი საბაშვილი, გედეონ გელბახიანი და სხვები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით თენგიზ მუხიგულისა და ც. წ-ულის შუამდგომლობა სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2007 წლის 27 დეკემბერს თენგიზ მუხიგულმა და ციცინო წიკლაურ- მუხიგულმა განმეორებით მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობთ შემადგენლობის აცილების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2008 წლის 10 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე თენგიზ მუხიგულმა და ც. წ-ულმა კვლავ წარმოადგინეს განცხადება-საჩივარი მოსამართლე მარინა ფარცვანიას აცილების თაობაზე და, მიუხედავად სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილებისა, მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, უარი განაცხადეს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და დატოვეს სასამართლო სხდომა.
მოწინააღმდეგე მხარის _ გედეონ გელბახიანის წარმომადგენელმა გიორგი კობიაშვილმა, იმ საფუძვლით, რომ თანამოპასუხეები არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, ხოლო აპელანტებმა უარი განაცხადეს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, შუამდგომლობით არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა საქმის განუხილველად დატოვება, რაც დაკმაყოფილდა საოქმო განჩინებით.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. წ-ულმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ც. წ-ულის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2008 წლის 10 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ აპელანტები _ თენგიზ მუხიგული და ც. წ-ული, რომლებმაც წარმოადგინეს განცხადება-საჩივარი მოსამართლე მარინა ფარცვანიას აცილების თაობაზე და, მიუხედავად სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილებისა, მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, უარი განაცხადეს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და დატოვეს სასამართლო სხდომა.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე გედეონ გელბახიანის წარმომადგენელმა _ გიორგი კობიაშვილმა აპელანტების მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა საქმის განუხილველად დატოვება, რაც სააპელაციო სასამართლომ მითითებული მუხლების საფუძველზე სწორად დააკმაყოფილა.
რაც შეეხება სხვა მოპასუხეებთან, კერძოდ, ნინო კავკასიძესთან, თამაზ ჩანტლაძესთან, ელგუჯა დრიაშვილსა და სხვებთან მიმართებაში, აპელანტების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ საქმე სწორად დატოვა განუხილველად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მოპასუხეები, რომლებსაც შეტყობინება გაეგზავნათ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, არ გამოცხადდენენ სასამართლო სხდომაზე, ხოლო აპელანტები თენგიზ მუხიგული და ც. წ-ული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, ასევე გამოუცხადებელ მხარეებად ითვლებიან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა საჩივარი განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. წ-ულის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.