ას-132-462-09 2 აპრილი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი _ ზარალის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი
ა. გ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ქ-ძის მიმართ ზარალის ანაზღაურების შესახებ. მან მიუთითა, რომ საკუთრებაში ჰქონდა „ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანა. ის და მისი მეუღლე არიან უმუშევრები, პენსიის გარდა არ გააჩნიათ სხვა შემოსავალი. იგი ავტომანქანით ემსახურებოდა კლიენტებს და ამ გზით მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა მისი ოჯახის ძირითად საარსებო საშუალებას.
2004 წლის 22 აპრილს თანამშრომლებთან ერთად მასთან სახლში მივიდა ახმეტის საპატრულო პოლიციის ჯგუფის უფროსი ინსპექტორი – დ. ქ-ძე, რომელმაც მოსთხოვა მისი კუთვნილი „ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანის საბუთები.
დ.ქ-ძემ იმ მოტივით, რომ ავტომანქანის ძრავის ნომრები არ ემთხვეოდა საბუთებში მითითებულ ნომრებს, სათანადო ოქმის შედგენის გარეშე გადაიყვანა მისი კუთვნილი ზემოაღნიშნული ავტომანქანა შს ახმეტის რაიგანყოფილების ეზოში, დროებით ვითომდა საკითხის გარკვევამდე. როგორც შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა, 2004 წლის 12 მაისს დ.ქ-ძემ აღნიშნული ავტომანქანა უკანონოდ გადასცა შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მან ვერ შეძლო თავისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის დაბრუნება.
აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა იყო ტექნიკურად გამართული, რომელიც შეისყიდა 4000 (ოთხი ათას) აშშ დოლარად. ამასთან ერთად ავტომანქანის უკანონოდ წართმევის შემდეგ გასული პერიოდის განმავლობაში იგი გამოიმუშავებდა მინიმუმ 2000 (ორი ათას) აშშ დოლარს, ე.ი. დ.ქ-ძის დანაშაულებრივი მოქმედებით მან დაკარგა 6000 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ ჩამორთმეული მისი კუთვნილი „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის დაბრუნება, როგორიც იყო მისგან უკანონოდ ამოღების დროს, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურდეს შესაბამისი ღირებულება 6000 აშშ დოლარი (რა ღირებულების ზარალიც მან განიცადა მოპასუხე დ. ქ-ძის დანაშაულებრივი ქმედებით).
მოპასუხე დ.ქ-ძემ სარჩელის მოთხოვნა მასთან მიმართებაში არ ცნო და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში იგი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რის გამოც, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ა.გ-ურს წინაშე მიყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სახელმწიფო ორგანოს, კერძოდ, შსს ახმეტის რაიონულ განყოფილებას.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. გ-ურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოს და დ. ქ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ა. გ-ურის სასარგებლოდ 1777 ლარისა და 50 თეთრის ანზღაურება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. გ-ურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ურს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ა. გ-ურმა განცხადება შეიტანა სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განცხადება არ მიიჩნია საკმარისად და ამავე სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ურს კვლავ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, რა გარემოებებს ეფუძნება აპელანტის მოთხოვნა და რა მტკიცებულებები ადასტურებენ ამ გარემოებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კი ა. გ-ურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ა. გ-ურს ჩაჰბარდა 2008 წლის 17 ნოემბერს, მაგრამ მან სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. გ-ურმა. მან მიუთითა, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მან არ წარმოადგინა სასამართლოში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრი, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები და მტკიცებულებები. მან წარმოადგინა განაჩენი და თავისი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ მოძრავი ქონება უკანონოდ წაართვა პოლიციამ. აღნიშნული მტკიცებულებები და ფაქტები კი სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. გ-ურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ურს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, რა გარემოებებს ეფუძნებოდა აპელანტის მოთხოვნა და რა მტკიცებულებები ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. ა. გ-ურმა წარმოადგინა სასამართლოში განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად. იმ მოტივით, რომ ა. გ-ურმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ მან სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ჩაბარების შემდეგ შეავსო ხარვეზი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. გ-ურმა აღნიშნული განჩინების ჩაბარების შემდეგ შეიტანა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს ხელახლა არ უნდა მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. გ-ურის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. გ-ურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.