Facebook Twitter

¹ას-1-340-09 2 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ს-ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,თ-ის” მიმართ 77080 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე იმყოფებოდა საცხოვრებელი ფართის მიღების აღრიცხვაზე საწარმოთა გაერთიანება “ა-ის” მშენებარე სახლში, საიდანაც მოიხსნა და მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, ბინის სანაცვლოდ გადაეხადა კომპენსაცია, თუმცა აღნიშნული ვალდებულება ბოლომდე არ შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სს ,,თ-ამ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს 2008 წლის 17 ნოემბერს ჩაბარდა, რაც დადასტურებულია საზოგადოების მუშაკის ხელმოწერითა და ბეჭდით. სააპელაციო საჩივარი სს “თ-ამ” სასამართლოში შეიტანა 2 დეკემბერს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე სს ,,თ-ამ” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტი საზოგადოების კორესპოდენციების აღრიცხვის ჟურნალსა და თავად სასამართლო გზავნილზე კომპანიის კანცელარიაში სადავო გადაწყვეტილების შემოსვლის თარიღად მიეთითა 2008 წლის 18 ნოემბერი და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაც სწორედ აღნიშნული დროიდან უნდა ათვლილიყო. რაც შეეხება სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე არსებულ ხელმოწერასა და თარიღს, აღნიშნული თარიღი, კომპანიის მუშაკის დაუდევრობის გამო, დაფიქსირდა არასწორად, რაც ასევე გამოწვეული იყო სასამართლო გზავნილის სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ მიტანით. აღნიშნულის გამო გზავნილის მიმღებმა თანამშრომლებმა იმავე დღეს გზავნილი ვერ აღრიცხეს და ხელმძღვანელობას ვერ გადასცეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სს “თ-ის” კანცელარიის უფროსი და საფინანსო სამსახურის სპეციალისტი, რომლებმაც უშუალოდ ჩაიბარეს სადავო გადაწყვეტილება, იმ მომენტისათვის კომპანიაში აღარ მუშაობდნენ და რეალურად სასამართლო გზავნილი აპელანტს მხოლოდ 2008 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით სს ,,თ-ს” უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება შპს “ა-ი”.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს ,,თ-ას” მის სასარგებლოდ დაეკისრა 77 080 აშშ დოლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნათ მხარეებს და საქმეში წარმოდგენილი, საზოგადოების ბეჭდით დამოწმებული ხელწერილის თანახმად, სს ,,თ-ის” თანამშრომელ დ. მ-ას ჩაბარდა 2008 წლის 17 ნოემბერს. ამავე წლის 2 დეკემბერს სს ,,თ-ამ” სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს, რომელიც სააპელაციო პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი სს ,,თ-ას” ჩაბარდა 2008 წლის 17 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ შეიტანა 2 დეკემბერს, ზემოხსენებული ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 18 ნოემბერს და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაც მითითებული დროიდან უნდა განხორციელდეს. აღნიშნული არგუმენტის საფუძვლად მხარე უთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2008 წლის 17 ნოემბერს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ამასთან, ის პირები, ვისაც იგი უშუალოდ გადაეცა, იმ მომენტისათვის კომპანიაში აღარ მუშაობდნენ. დასახელებული მოსაზრება საფუძველს მოკლებულია, რადგან სადავო სასამართლო გზავნილის ჩაბარება კომპანიის თანამშრომლის მიერ ხელმოწერითა და საზოგადოების ბეჭდითაა დამოწმებული, რაც თავისთავად სარწმუნოდ ხდის მის ნამდვილობას. ამასთან, მხარე ფაქტობრივად ადასტურებს 2008 წლის 17 ნოემბერს სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება მხარის მითითებას სასამართლო გზავნილის კომპანიის კანცელარიაში შემოსვლის თარიღად 2008 წლის 18 ნოემბრის დაფიქსირების თაობაზე, აღნიშნული საზოგადოების შიდა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარეობს და სასამართლო გზავნილის ჩაბარების რეალურ თარიღზე გავლენას ვერ იქონიებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟის გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.