განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-135-411-08 26 მარტი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს.ს. ,,ბ. ” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ დ. გ-ნია
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ვ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება დასაშვებობის შესამოწმებლად
დავის საგანი_ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. კ-შვილმა, მოპასუხე სს ,,ბ-ის” მიმართ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 31 ივლისს სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ლ. კ-შვილის მოთხოვნის უფლების მიმღების რ. ვ-შვილის წარმომადგენლის ლ. ჩ-აძის მიერ, რომლითაც აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ლ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებულ იქნა რ. ვ-შვილი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ, სააპელაციო საჩივარზე დართული 30.07.2007წ ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ ლ. კ-იშვილსა და არასრულწლოვან რ. ვ-შვილის კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლებს) გ. ვ-შვილსა და ნ. პ-შვილს დადებული ჰქონდათ ცესიის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება სს ,,ბ-ის” მიმართ, ლ. კ-შვილმა გადასცა რ. ვ-შვილს. აღნიშნული ხელშეკრულება პალატის განმარტებით წარმოადგენდა სადავო ურთიერთობიდან ლ. კ-შვილის გასვლისა და მის ნაცვლად მოთხოვნის უფლების მიმღების, რ. ვ-შვილის სამართალწარმოებაში დაშვების საფუძველს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. ,,ბ-ის” წამომადგენელმა დ. გ-ნიამ.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამონაცვლეობას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოქალაქის გარდაცვალებისას, იურიდიული პირის რეორგანიზაციისას, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაცემის და სხვა გარემოებების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში ლ. კ-შვილმა თავისი ე.წ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დაუთმო რ. ვ-შვილს, ხოლო პირგასამტეხლო თავისი არსით არის აქცესორული უფლება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ძირითად ვალდებულებასთან და წარმოადგენს მისი შესრულების გარანტს, რის გამოც ის ცალკე სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით იმისთვის რომ პირგასამტეხლო გადაცემად მოთხოვნად იქცეს, განსახილველ შემთხვევაში საჭირო იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რასაც მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მომენტისათვის ადგილი არ ჰქონია. ამდენად საჩივრის ავტორის აზრით სასამართლოს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უარი უნდა ეთქვა რ. ვ-შვილისთვის უფლებამონაცვლედ ჩართვის თაობაზე და მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დაეტოვებინა განუხილველი.
ამასთან კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა მხარის მიერ 50000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავის არიდებას, ვინიდან რ. ვ-შვილი წარმოადგენდა II ჯგუფის ინვალიდს, რის გამოც იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 30 ივლისს გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებით ლ. კ-შვილმა მოთხოვნის უფლება სს ,,ბ-ის” მიმართ გადასცა რ. ვ-შვილს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ლ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებული იქნა რ. ვ-შვილი, რ. ვ-შვილის წარმომადგენლის ლ. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე მიღებული იქნა წარმოებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ ეტაპზე.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 2007 წლის 30 ივლისს გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რამაც შეიძლება განაპირობოს უფლებამონაცვლეობა სამოქალაქო სამართალწარმოებაში. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დაიდო და გაფორმდა მისთვის დადგენილი ფორმის დაცვით, მაგრამ ის საკითხი, რამდენად ნამდვილია უფლება, რომელიც ამ ხელშეკრულებით მხარეს გადასცეს წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვის საგანს და არა უფლებამონაცვლეობის უარყოფის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებს და ვერ ასაბუთებს მის მოთხოვნას. შესაბამისად არ არსებობს 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,ბ-ის” წარმომადგენლის დ. გ-ნიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.