Facebook Twitter

ას-1-357-07 19 მარტი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ზ-ე (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ს-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – ქონების ნატურით გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ზ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე ბინა ¹73-დან წილის ნატურით გაყოფა.

ი. ზ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე საკომლო მიწის ნაკვეთიდან თავისთვის და თავისი შვილებისათვის 0,18 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღეში დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ხარვეზის განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2006 წლის 19 სექტემბერს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ზ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატამ ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველი, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი 2006 წლის 20 სექტემბერს გამოასწორა და სათანადო თანხა ბანკში გადაიხადა. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქვითრით. რაც შეეხება მითითებული ქვითრის სასამართლოში წარდგენას, აღნიშნული მოთხოვნა ხარვეზის განჩინებით გათვალისწინებული არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ი.ზ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7-დღიან ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ხარვეზის განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2006 წლის 19 სექტემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ი.ზ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში ი. ზ-ს ხარვეზის განჩინებაში მითითებულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი არ წარუდგენია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ზემოხსენებული ხარვეზის განჩინება აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოსათვის წარმოდგენას არ ავალებდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში ი.ზ-ს სათანადო მტკიცებულების _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენით უნდა დაედასტურებინა მის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების ფაქტი, რაც არ მომხდარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ზ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.