Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№746აპ-16 ქ. თბილისი

ზ-ე გ, 746აპ-16 30 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განაჩენით გ. ზ-ე, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1500 ლარი ჯარიმა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1500 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2016 წლის 20 იანვრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ზ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და რომელსაც არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 22 საათზე, თ-ში, სოფელ დ-ში, დ. ა-ის ხ-ის მე-12 კილომეტრზე მდებარე ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ზ-ესა და გ. ტ-ს მოუხდათ სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც გ. ზ-ემ განიზრახა გ. ტ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, იმავე ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ზ-ემ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა ჯგუფურად, როგორც ფეხის, ასევე რკინის ნივთების მრავალჯერადი დარტყმით გ. ტ-ს მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ზ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ. ტ-ის, მოწმეების – ო. ბ-ის, კ. კ-ის, თ. მ-ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით, ასევე – პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უდავოდ არის დადგენილი, რომ გ. ზ-ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. გასაჩივრებული განაჩენი ემყარება დასაბუთებულ დასკვნებსა და მხარეთა მიერ წარდგენილ მოსაზრებებს.

8. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოწმე ლ. ფ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ ამ მოწმის გამოძიებაში მიცემული ჩვენება მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებადაა ცნობილი ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის განხილვა მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ხოლო ბრალდებული უზრუნველყოფილი იყო კვალიფიციური ადვოკატის მომსახურებით.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე