ას-142-485-07 14 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჩ-ე, შ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე (მოპასუხე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ჩ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. გ-ის მიმართ მოითხოვა მოპასუხისათვის 30000 აშშ დოლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ.ჩ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-მ.
თ.ჩ-მ 2003 წლის 21 აპრილს უარი თქვა თავის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე.
თ.ჩ-მ და მისმა მეუღლემ შ. ქ-მ 2004 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. მათ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითეს ის, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის განცხადება მათ არ დაუწერიათ, ეს განცხადება დაწერა მათმა ქალიშვილმა მ. ქ-მ, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ მუქარით აიძულა დაეწერა ეს განცხადება და დედის, თ. ჩ-ის ნაცვლად მოეწერა ხელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ჩ-ის და შ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატში 2005 წლის 8 ივლისს არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ე, რის გამოც დაკმაყოფილდა აპელანტი თ. ჩ-ის შუამდგომლობა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, მ. გ-ს დაეკისრა შ. ქ-ისა და თ. ჩ-ის სასარგებლოდ 27450 აშშ დოლარისა და 3000 ლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. გ-ის წარმომადგენელმა რ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის განხილვა და საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2006 წლის 13 ივლისს 14 საათისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი თ. ჩ-ე და მისი მეუღლე შ. ქ-ე; სასამართლომ მიუთითა, რომ მათ სასამართლოს უწყება გაგზავნილი ჰქონდათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ დაბრუნდა პასუხით, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ მდგმურები.
სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 13 ივლისს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ის წარმომადგენლის რ. ხ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე ¹2\284-2002 წ.
თ. ჩ-მ 2006 წლის 12 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა, რომლითაც მოითხოვა 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2006 წლის 31 აგვისტოს, ამასთან, სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, რომც ჩაბარებოდა, ავადმყოფობის გამო მაინც ვერ ახერხებდა გამოცხადებას. მან საჩივარს დაურთო შ. ქ-ის ავადმყოფობის ცნობა იმის შესახებ, რომ იგი 2006 წლის 11 ივლისიდან 14 ივლისამდე ავადმყოფობდით თავის ტვინის მძიმე ტრამვის ნარჩენი მოვლენები, ცერებრალური არაგნოდიტი, შაქრიანი დიაბეტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 76-ე მუხლები და მიუთითა, რომ სასამართლო უწყება (მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უნდა ჩაბარდე მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. ამასთან, მხარეები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ასეთი ცნობის არ არსებობის შემთხვევაში უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჩ-ის მისამართს წარმოადგენდა ბათუმი, ... ქ. 34\40, ბინა ¹27, რაც თავიდანვე აქვს მითითებული მის მიერ შედგენილ მთელ რიგ განცხადებებში. სასამართლომ გამოიტანა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ასლი ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გადაუგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა მიღებული შეტყობინებით დასტურდება, რომ მას ვერ ჩაბარდა, ვინაიდან, ბათუმში, ვ. ... 34\40, ბ. 27-ში ცხოვრობენ სხვა პირები – ა-ები.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოსა და 2006 წლის 3 ნოემბრის სხდომის ოქმების საფუძველზე ჩათვალა, რომ თ. ჩ-მ დაადასტურა მისამართის შეცვლა. ამდენად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლისა, იგი მოვალე იყო ეცნობებინა სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე, რაც არ შეასრულა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ჩ-ისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება 2006 წლის 15 აგვისტოს (ს.ფ. 164), საიდანაც გაშვებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, რომლის აღდგენა არ შეიძლება, ამიტომ მისი საჩივარი ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ჩ-მ და შ. ქ-მ, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მისი საჩივრის დასაშვებად ცნობა, საქმის წარმოების განახლება. თ.ჩ-ის და შ. ქ-ის კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც უწყება დღემდე არ ჩაბარებიათ; დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ... ქ. ¹24\40 ბ. 27 არასდროს არ ყოფილა მათი მისამართი, არსად არ მიუთითებია, არც ერთ საბუთზე ხსენებული ქუჩა.
ქ-ე და თ. ჩ-ე კერძო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ისინი ავადმყოფობის გამო სასამართლოს მაინც ვერ დაესწრებოდნენ.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი, რადგან საქმე 2-284-ში წარმოდგენილია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაიცა 2005 წლის 15 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელზე (გრაფაში კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები) გარკვევით წერია მათი მისამართი ... 15. სასამართლომ დაარღვია ასევე იმავე კოდექსის 71-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასამართლოს შეუძლია უწყება გაგზავნოს სამუშაო ადგილზე.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მათ ავადმყოფობის გამო შეცვლილი ჰქონდათ მისამართი, რაც ცნობილი იყო როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოსათვის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველო-ბისათვისაც; სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, უწყება უნდა ჩაბარდეს ადგილობრივ თვითმართველობას, რაც არ განხორციელებულა.
კერძო საჩივრის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ მათ წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია მ. გ-ის საჩივარი, რომელიც ვალდებული იყო მიეთითებინა თ. ჩ-ის მისამართი, ხოლო თუ მან ეს მისამართი არასწორად მიუთითა, მაშინ მ. გ-მ უნდა აგოს პასუხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ჩ-ის და შ. ქ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება, თ. ჩ-ისა და შ. ქ-ის საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-ის და შ. ქ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მათი საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლით განსაზღვრული საჩივრის შეტანის 10 დღიანი ვადა დაარღვიეს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი თ.ჩ-ს და შ.ქ-ს გაეგზავნათ იმავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. თ.ჩ-მ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში მიუთითა თავისი მისამართი ქ,ბათუმი ... ქ.¹15 (იხილეთ სამოქალაქო საქმე ¹2/284-2002 ს.ფ 58). მართალია შ. ქ-მ საქმის წარმოების განახლების შესახებ 2004 წლის 14 ივნისს სასამართლოში შეტანილ განცხადებაში თავის საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ქ. ბათუმი, ... ქ. ¹34\40, ბინა 27, მაგრამ იმავე განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ თ. ჩ-ის საცხოვრებელია ქ. ბათუმი, ... ქუჩა ¹15. (იხ. საქმე ¹2\ბ 723, ს.ფ. 3). ს.ფ. 60-ე წარმოდგენილია თ. ჩ-ის მიერ 2004 წლის 28 ივნისს გაცემული რწმუნებულება პ. ბ-ის სახელზე, სადაც თ. ჩ-ის მისამართი მითითებულია ქ. ბათუმი, ... ქ. ¹15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ. ქ-მ და თ. ჩ-მ 2005 წლის 7 ივლისს კ. ჯ-ს მიანიჭეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მათი სახელით ეწარმოებინა საქმე ყველა ინსტანციის სასამართლოში 3 წლის ვადით (ს.ფ. 80, 81). შ. ქ-ის და თ. ჩ-ის წარმომადგენელი კ. ჯ-ა მარწმუნებლების სახელით მონაწილეობდა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის სხდომაზე (ს.ფ. 79). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი თ. ჩ-ს გაეგზავნა ქ.ბათუმში ... 34/40, ბინა 27 მისამართზე და არა მის მიერ სააპელაციო საჩივარში და საქმის მასალებში წარმოდგენილ მთელ რიგ დოკუმენტებში მითითებულ მისამართზე – ქ.ბათუმი, ... ქუჩა ¹15. ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი არ გაგზავნია არც თ. ჩ-ის და შ. ქ-ის წარმომადგენელს კ. ჯ-ს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მოთხოვნაა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილების იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უწყება გაეგზავნოს არამარტო მხარეს, არამედ მის წარმომადგენელსაც. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. თუ მოქალაქე არ ცხოვრობს ამ მისამართზე, უწყება გაიგზავნება ალტერნატიული მისამართის ან მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ჩ-ის და შ. ქ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე თ. ჩ-ის და შ. ქ-ის საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.