Facebook Twitter

ას-14-352-09 15 იანვარი, 2009წ.

¹თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კ. გ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2008 წლის 7 მარტს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა კ. გ-ძემ მოპასუხეების _ ნ. ნ-ძის, თ. და ტ. ნ-ძეების მიმართ (ს.ფ. 1-8).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით კ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 53-55).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 63-72).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებით კ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი (ს.ფ. 111-113).

2008 წლის 10 დეკემბერს კ. გ-ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა კერძო საჩივარი განცხადების ფორმით, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინება გახადა სადავოდ (ს.ფ. 121-125).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. გ-ძის განცხადების ფორმით წარმოდგენილი საჩივარი თავისი არსით მიჩნეულ უნდა იქნეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე შემოტანილ კერძო საჩივრად და განხილულ იქნეს კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი საპროცესო ნორმების შესაბამისად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ საქმეში არსებულ მისამართებზე (ს.ფ. 114, 115). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ წარმომადგენელ ე. ბ-ძეს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 4 სექტემბერს (ს.ფ. 117), ხოლო კ. გ-ძისათვის სააპელაციო საჩივარში დასახელებულ მისამართზე გაგზავნილი განჩინების ასლი ჩაჰბარდა მის ნათესავს 2008 წლის 3 სექტემბერს (ს.ფ. 119). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 12-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2008 წლის 15 სექტემბერს, ხოლო კ. გ-ძემ კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 3 დეკემბერს, ანუ კერძო საჩივრის წარდგენის 12-დღიანი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, ამავე კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.