საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-150-419-08 2 ივნისი, 2008წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-აძე
წარმომადგენელი _ ვ. ხ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – სს კომერციული ბანკი “ლ.-ი”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 27 სექტემბერს ნ. ხ-აძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს კ/ბ “ლ.-ის” ლიკვიდატორ ო. ბ.-ის მიმართ და მოითხოვა მის ანგარიშზე რიცხული 51313 აშშ დოლარიდან მოპასუხისათვის მისთვის 10500 აშშ დოლარის დაბრუნების დავალდებულება, ხოლო სს კ/ბ “ლ.-ის” ანგარიშზე გასესხებული თანხების შემოსვლის შემდეგ, დარჩენილი თანხის დაბრუნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს კ/ბ “ლ.-ს” დაევალა მოსარჩელე ნ. ხ-აძის სასარგებლოდ მისი კუთვნილი 51313 აშშ დოლარისა და 29 ცენტიდან 10500 აშშ დოლარის დაბრუნება, ხოლო დანარჩენი თანხის დაბრუნების გადახდა სს კ/ბ “ლ.-ის” ანგარიშზე გასესხებული თანხების შემოსვლის შემდეგ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს კ/ბ “ლ.-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2007 წლის 28 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს კ/ბ “ლ.-ის” წარმომადგენელმა ბაჩუკი პაპიძემ, რომელსაც თან დაურთო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2007 წლის 23 მარტის ¹145 განკარგულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 29.06.07 ¹3259 ბრძანება და განმარტა, რომ სს კ/ბ “ლ.-ი” ლიკვიდირებულია, ამოშლილია სამეწარმეო რეესტრიდან, რის გამოც თავად მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს არარსებული სუბიექტის წარმომადგენლობა, მით უფრო როცა სს კ/ბ “ლ.-ის” უფლებამონაცვლე არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა ნ. ხ-აძემ და მისმა წარმომადგენელმა ვ. ხ-შვილმა დაადასტურეს სს კ/ბ “ლ.-ის” ლიკვიდაციისა და სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის ფაქტი, მაგრამ სასამართლოს წარუდგინეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი მოქალაქე ი. ხ.-სადმი და მოითხოვეს სს კ/ბ “ლ.-ის” უფლებამონაცვლედ საქართველოს ეროვნული ბანკის დაშვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, შეწყდა სს კ/ბ “ლ.-ის” ლიკვიდატორის მიმართ ნ. ხ-აძის სარჩელთან დაკავშირებული საქმის წარმოება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2007 წლის 23 მარტის ¹145 განკარგულების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 29.06.2007 წლის ¹3259 ბრძანებისა და მხარის განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სს კ/ბ “ლ.-ი” ლიკვიდირებულია და ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2007 წლის 27 სექტემბერს მოქალაქე ი. ხალვშისადმი გაგზავნილი წერილით, სააპელაციო სასამართლომ გარკვეულად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
სს კ/ბ “ლ.-ი” გაკოტრებულად გამოცხადდა და ამოღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის რეესტრიდან. გარდა ამისა, წერილში განიმარტა, რომ სს კ/ბ “ლ.-ის” საქმიანობის, მათ შორის მეანაბრეებისა და სხვა კრედიტორების ამსახველი დოკუმენტაცია არ ნადგურდება და ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივად მოხდება სს კ/ბ “ლ.-ის” კუთვნილი თანხის დადგენა და დღის წესრიგში დადგება მისი სს კ/ბ “ლ.-ის” კრედიტორებისათვის განაწილება, იგი განხორციელდება არსებული დოკუმენტაციის მიხედვით ამ მიზნით შექმნილი საგანგებო კომისიის მიერ, რომელშიც ასევე შეყვანილნი იქნებიან სს “ბანკი ლ.-ის” მეანაბრეების წარმომადგენლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე, “კომერციული ბანკების შესახებ” საქართველოს კანონის, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2003 წლის 11 ივლისს დამტკიცებული “კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებს ლიკვიდაციის, ეროვნული ბანკის რეესტრიდან და სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლილი სუბიექტის უფლებამონაცვლეობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-აძის წარმომადგენელმა ვ. ხ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, მართალია, სს კ/ბ “ლ.-ი” ლიკვიდირებულია და ამოშლილია სამეწარმეო რეესტრიდან, მაგრამ, ვინაიდან ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივად მოხდება სს კ/ბ “ლ.-ის” კუთვნილი თანხის დადგენა და დღის წესრიგში დადგება მისი სს კ/ბ “ლ.-ის” კრედიტორებისათვის განაწილება, აღნიშნული განახორციელოს არსებული დოკუმენტაციის მიხედვით ამ მიზნით შექმნილი საგანგებო კომისიის მიერ, ამით ფაქტობრივად განახორცილებს ლიკვიდატორის მოვალეობას, რის გამოც იგი სასამართლოს უნდა მიეჩნია ლიკვიდირებული ბანკის უფლებამონაცვლედ და საქმეზე წარმოება არ შეეწყვიტა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. ხ-აძის წარმომადგენელ ვ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
საპროცესო უფლებამონაცვლეობა _ ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზედაც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ უფლებამონაცვლეობა, მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია.
საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები (ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გასვლის შემთხვევები) გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა), რაც გათვალისწინებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-14 მუხლით. რაც შეეხება იურიდიულ პირის ლიკვიდაციისას, ასეთ შემთხვევაში, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტისთანავე.
აღნიშნული ნორმის თანახმად, იურიდიული პირების საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, ვინაიდან ისინი წარმოიშობა და შეწყდება ერთდროულად _ რეგისტრაციის მომენტიდან და ამ რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2007 წლის 23 მარტის ¹145 განკარგულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 29.06.2007 წლის ¹3259 ბრძანების საფუძველზე, სს კ/ბ “ლ.-ი” ლიკვიდირებულ იქნა და ამოირიცხა სამეწარმეო რეესტრიდან.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან დადგენილია სს “ბანკი ლ.-ის” ლიკვიდაცია, შესაბამისად, სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ, მართალია, სს კ/ბ “ლ.-ი” ლიკვიდირებულია და ამოშლილია სამეწარმეო რეესტრიდან, მაგრამ, ვინაიდან ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივად მოხდება სს კ/ბ “ლ.-ის” კუთვნილი თანხის დადგენა და დღის წესრიგში დადგება მისი სს კ/ბ “ლ.-ის” კრედიტორებისათვის განაწილება, აღნიშნული განახორციელოს არსებული დოკუმენტაციის მიხედვით ამ მიზნით შექმნილი საგანგებო კომისიის მიერ, ამით ფაქტობრივად განახორცილებს ლიკვიდატორის მოვალეობას, რის გამოც იგი სასამართლოს უნდა მიეჩნია ლიკვიდირებული ბანკის უფლებამონაცვლედ და საქმეზე წარმოება არ შეეწყვიტა.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, სსკ-ის 92-ე მუხლი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობას არ ითვალისწინებს, ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ვერ დგინდება ის გარემოება, რომ ეროვნულ ბანკზე გადავიდა სს კ/ბ “ლ.-ის” უფლებები და მოვალეობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ხ-აძის წარმომადგენელ ვ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ხ-აძის წარმომადგენელ ვ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ამ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.