Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-15-301-08 2 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. დ-ლიასა და ბ-ისძის წარმომადგენელი რ. კ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. და დ. დ-ლიები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 20 მარტს ს. დ-ლიამ და ბ-ისძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ე. და დ. დ-ლიების მიმართ და მოითხოვეს აწ გარდაცვლილ რუსლან დანელიას მემკვიდრეებად ცნობა და თ-ში, ბ-ის ქ. ¹..ბ-ში მდებარე ნინა დანელიას სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/2 –ის აღრიცხვა ბ-ისძისა და ს. დ-ლიას სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ს. დ-ლიასა და ბ-ისძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. დ-ლიასა და ბ-ისძის წარმომადგენელმა _ რ. კ-აძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, ბ-ისძისა და ს. დ-ლიას წარმომადგენელ რ. კ-აძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ბ-ისძისა და ს. დ-ლიას წარმომადგენელმა _ რ. კ-აძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ბ-ისძემ და ს. დ-ლიამ ბაჟი დროულად გადაიხადეს, მაგრამ, ვერ შეძლეს მისთვის მიეწოდებინათ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, რის გამოც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო მისი წარმოდგენა და ხარვეზი ერთი დღის დაგვიანებით შეავსო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ბ-ისძისა და ს. დ-ლიას წარმომადგენელ რ. კ-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, ბ-ისძისა და ს. დ-ლიას წარმომადგენელ რ. კ-აძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ბ-ისძეს, ს. დ-ლიასა და მათ წარმომადგენელს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით (ს.ფ. 92-99) კერძოდ, აპელანტ _ რ. კ-აძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 4 ნოემებერს (ს.ფ.93), შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2007 წლის 14 ნოემბერი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რ. კ-აძემ ხარვეზი არ გამოასწორა. მან ხარვეზი გამოასწორა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდგომ, კერძოდ 2007 წლის 15 ნოემბერს.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ბ-ისძემ და ს. დ-ლიამ ბაჟი დროულად გადაიხადეს, მაგრამ, ვერ შეძლეს მისთვის მიეწოდებინათ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, რის გამოც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო მისი წარმოდგენა და ხარვეზი ერთი დღის დაგვიანებით შეავსო, შესაბამისად, რ. კ-აძემ მოითხოვა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა სასამართლოს საპატიოდ მიეჩნია, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ-ისძისა და ს. დ-ლიას წარმომადგენელ რ. კ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.