Facebook Twitter

¹ას-153-422-08 .. მაისი, 2008წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე.ნ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ.კ-ავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ წყალსაწრეტი არხის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20.. წ. .. იანვარს აბაშის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ.კ-ავამ მოპასუხე ე.ნ-იას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თვითნებურად გაუქმებული წყალსაწრეტი არხის აღდგენისა და 6 წლის განმავლობაში მიყენებული მატერიალური ზიანის _ 4800 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, ე. ნ-იამ 19.. წელს მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან გაიყვანა წყალსაწრეტი არხი, რამაც ამოავსო ძველი არხი და განაპირობა ჯ. კ-ავას საკარმიდამო ნაკვეთის გარკვეული ნაწილის დატბორვა. დაჭაობების შედეგად 0.6 ჰა მიწის ნაკვეთი უნაყოფო გახდა. აღნიშნულის თაობაზე ჯ. კ-ავამ განცხადებით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსების და მიწის კადასტრის დეპარტამენტს და უკანონოდ გაუქმებული საერთო სარგებლობის წყალსაწრეტი არხის აღდგენა და საკარმიდამო ფართობში გაყვანილი სადრენაჟო არხის ამოვსება მოითხოვა. მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილებით ე. ნ-იას დაევალა წყალსაწრეტი და სადრენაჟო არხების წესრიგში მოყვანა 19.. წლის ივნისის თვემდე, მაგრამ მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით არაერთგზისი მიმართვის მიუხედავად, ადგილობრივმა მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს. დატბორილ ნაკვეთზე აღარ მოდის სიმინდი, სოიო და ლობიო, რაც მოსარჩელეს წლის განმავლობაში 805 ლარის ოდენობით ზიანს აყენებს (ტ. I, ს.ფ. 2-4).

აბაშის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. კ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. ნ-იას დაეკისრა საკარმიდამო ნაკვეთებს შორის მდებარე ჩიხში გამავალი წყალსაწრეტი არხის აღდგენა და მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის _ 296 ლარის ანაზღაურება.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჯ. კ-ავას საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი მდებარეობს აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. ნაკვეთს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება ჩიხი, რომლის სიგრძე 90 მეტრს შეადგენს. ჩიხის მარჯვენა მხარეს გაყვანილია წყალგამტარი არხი, რომელიც ამოვსებულია შლამით და ვერ უზრუნველყოფს წყლის გატარებას. არხის მარჯვენა საზღვარზე მდებარეობს ე. ნ-იას კუთვნილი ღობე რკინა-ბეტონის საძირკვლით. მეზობლებს შორის დავა წყალსაწრეტ არხთან დაკავშირებით წლების წინ დაიწყო. 20.. წელს ე. ნ-იას დაევალა ჯ. კ-ავას ნაკვეთის უკან გამავალი არხის ამოვსება და ჩიხში არსებული არხის გაწმენდა. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯ. კ-ავას საყანე ფართობი იტბორება და მისი ფართი 800 კვ.მ-ს შეადგენს. მიწის დატბორვა გამოწვეულია იმით, რომ ნაკვეთის გვერდით არსებულ ჩიხში მოწყობილი არხი მცირე კვეთის და სიღრმის გამო ვერ უზრუნველყოფს გრუნტის წყლების მიღებას და გატარებას.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩიხში არსებული არხის გაუქმების გამო დაიტბორა არა 0.6 ჰა, არამედ 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, სამი წლის მანძილზე მოსარჩელემ მიიღო 660 კგ სიმინდისა და 120 კონა ჩალის დანაკლისი, სულ _ 296 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად ე. ნ-იას ეკისრებოდა (ტ. I, ს.ფ. 77-85).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჯ. კ-ავამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა (ტ. I, ს.ფ. 100-101).

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე ე. ნ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ტ. I, ს.ფ. 103-104). მოგვიანებით ჯ. კ-ავამ შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა ე. ნ-იასათვის 1091 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება. აპელანტმა ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის წყალსაწრეტი არხის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის დავალება ისე, რომ გამორიცხულიყო მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის დატბორვა (ტ. II, ს.ფ. 6-9).

ქ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ნოემბრის განჩინებით ე. ნ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო (ტ. II, ს.ფ. 94-96).

20.. წ. .. ნოემბერს ქ-ს სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ე. ნ-იამ, რომელმაც ჯ. კ-ავას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ტ. II, ს.ფ. 97-98).

ქ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით ჯ. კ-ავას სააპელაციო საჩივარი და ე. ნ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი, ხოლო აბაშის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ჯ. კ-ავამ ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხისათვის 1091 ლარის დაკისრება მოითხოვა, საიდანაც 296 ლარის ოდენობით ზიანის ნაწილში მისი მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უკვე დაკმაყოფილებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო 795 ლარის დაუკისრებლობის კანონშესაბამისობაზე ვერ იმსჯელებდა. რაც შეეხებოდა სააპელაციო საჩივრის მეორე მოთხოვნას _ არხის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დავის საგნის გადიდებას, რაც სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელი იყო, ხოლო მეორე მხრივ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სწორედ ისე, როგორც მან თავად ჩამოაყალიბა, მხარის მიერ თავის სასაგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება კი არ დაიშვებოდა. სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო შეგებებული სააპელაციო საჩივარი ასევე დაუშვებლად ცნობას ექვემდებარებოდა (ტ. II, ს.ფ. 141-149).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ნ-იამ, რომელმაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად აბაშის რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 20.. წ. . აგვისტოს აბაშის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წყალსაწრეტი არხის აღდგენა და 296 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. გადაწყვეტილებაზე ჯ. კ-ავამ ასევე შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელზეც ე. ნ-იამ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა. იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა, ამასთან, აპელანტმა გაზარდა დავის საგანი, რაც სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელი იყო, სასამართლომ განუხილველად დატოვა ჯ. კ-ავას სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარიც.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოდავეთა სახლებს შორის არსებული ჩიხი დახრილი ფერდობია, რომელიც, სამეგრელოსათვის დამახასიათებელი ხშირი წვიმების გამო, წარმოშობს ეზოებში წყლის შესვლის საშიშროებას, მაგრამ ვინაიდან ორივე ნაკვეთი ბეტონის ღობეებით არის შემოსაზღვრული, ქუჩაში დაგროვილი წყლის ეზოში შესვლა გამორიცხულია. საინჟინრო-ტექკნიკური ექსპერტიზის ჩატარებამ ვერ უზრუნველყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა, რის გამოც დასკვნა არასრულყოფილია, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება _ არაობიექტური. უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული მისი შუამდგომლობა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, ასევე, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სასამართლო დაეყრდნო ექსპერტის არასრულყოფილ დასკვნას, რომელშიც დატბორილი ფართობი, 80 კვ.მ-ის ნაცვლად, 800 კვ.მ-ით არის განსაზღვრული. სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ ჯ. კ-ავას ჩვენებები და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელეს, თითქოსდა, დაჭაობებული ბაღიდან მიუღებელი სიმინდის მოსავლის გამო მიადგა, მას მაინც დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურების მოვალეობა წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი დადგა ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედების შედეგად, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, განჩინება გაუგებარია მისი სარჩელის განუხილველად დატოვების გამოც (ტ. II, ს.ფ. 156-158; 181-183).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ნ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. ..დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით ჯ. კ-ავას სააპელაციო საჩივარი და ე. ნ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი. ე. ნ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივრის გაუხილველად დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის მოთხოვნით, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. ჯ. კ-ავას აღნიშნული განჩინება არ გაუსაჩივრებია და მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი იმპერატიული შინაარსისაა, რაც მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად შეგებებული სააპელაციო საჩივრის არსიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. სწორედ ამის გამო, თუკი აპელანტი უარს იტყვის ძირითად სააპელაციო საჩივარზე ან სააპელაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული სააპელაციო საჩივარი კარგავს თავის დანიშნულებას და ძირითადი სააპელაციო საჩივრის ბედს იზიარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო შეგებებული სააპელაციო საჩივრის ასევე განუხილველად დატოვების თაობაზე და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ ამ ეტაპზე სასამართლო ვეღარ იმსჯელებს მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებაზე, რამდენადაც ქ-ს სააპელაციო სასამართლოს 20.. წ. .. ნოემბრის განჩინება, რომლითაც ე. ნ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ე. ნ-იას კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია და აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ნ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.