Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№47აპ-17 ქ. თბილისი

ც-ე მ, 47აპ-17 20 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით მ. ც-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 11 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 12 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

· 2015 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 13 საათზე, ზ-ში, ა-ის ქ-ზე, №.. და №.. საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, მ. ც-ემ, რომელიც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე განაწყენებული იყო გ. ს-ეზე, შურისძიების მოტივით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მკვლელობის მიზნით, რამდენჯერმე გაისროლა გ. ს-ის მიმართულებით, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

· 2015 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 13 საათისათვის, ზ-ში, ა-ის ქუჩაზე, მ. ც-ე ატარებდა თავის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ, 9 მმ კალიბრიან „მაკაროვის“ სისტემის №.. ცეცხლსასროლ იარაღსა და ამ იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო ვაზნებს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ლ. კ-ემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. ც-ის გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №424აპ–16) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – ნანული ჭულუხაძისა და ვაჟა სოფრომაძის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკურ-ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მ. ც-ემ შურისძიების მოტივით, მომარჯვებული ცეცხლსასროლი იარაღიდან უკნიდან, დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა გელა სოფრომაძეს.

10. რაც შეეხება საჩივრის მოტივს, რომ მ. ც-ემ ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში გადააჭარბა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პალატა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 ნოემბრის №... დასკვნის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ. ც-ე ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო, ასევე ის არ იმყოფებოდა პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში“. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტებმა: თ. ნ-მა, დ. მ-ემ, ა. ტ-ემ და მ. მ-მა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დროს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენამდე გ. ს-ისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისს ჩადენა, რომლებიც მ. ც-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა, არ დასტურდება, ხოლო მსჯავრდებულის დაზიანებები დამაჯერებლად ახსნა მოწმე ვ. ს-ემ თავის ჩვენებებში, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია (მაგალითისათვის იხ. №1079აპ-10, №58აპ-15).

11. დაცვის მხარე თავის საკასაციო საჩივარში ასევე ითხოვს მ. ც-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შერაცხულ დანაშაულში იმ მოტივით, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა ზ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და იარაღის გადასატანად სპეციალური ნებართვა არ სჭირდებოდა. პალატა აღნიშნავს, რომ იარაღის შეძენისას პირს ეძლევა ერთჯერადი გადატანის ნებართვა; ყველა სხვა შემთხვევაში იარაღის გადატანა ხდება სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად (რაც მ. ც-ეს არ გააჩნდა), ხოლო იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში კონკრეტული მისამართის არარსებობა არ გულისხმობს უფლებას, რომ მესაკუთრემ ის ატაროს თავისი შეხედულებისამებრ. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა მ. ც-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ამიტომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე