Facebook Twitter

ას-154-493-07 1 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძემ

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ჯ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ. დ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ზ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ზ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ბ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ნივთის რელიაზაცია.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ. ჯ-ს დაეკისრა 2004 წლის 1 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულებით გადაცემული თანხის 3200 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნულ ვალუტაში 5760 ლარის გადახდა გ. ზ-ის სასარგებლოდ; ამ თანხის ანაზღაურების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული ნივთის - თელავის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 19 სექტემბრის განჩინებით უარი ეთქვა ბ. ჯ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ბ. ჯ-მ განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ბ. ჯ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული, რაც ბ. ჯ-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინებით ბ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე განცხადების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ბ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჯ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა ხარვეზის შესავსებად ვადა.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით ბ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. დ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. ჯ-ის წარმომადგენელი გ. დ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი, გაეგზავნა ბ. ჯ-ს (ს.ფ. 168) და მის წარმომადგენლებს ნ. ჯ-ს და გ. დ-ს (ს.ფ. 168-169). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე 2007 წლის 25 იანვარს ჩაბარდა გ. დ-ს (ს.ფ. 172), ხოლო 2007 წლის 2 თებერვალს პირადად ბ. ჯ-ს (ს.ფ. 174). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პიეველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მაგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ჯ-ს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2007 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 15 თებერვალს (ს.ფ. 175), ე.ი. კერძო საჩივის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12 დღიანი ვადა, რის გამოც ბ. ჯ-ის წარმომადგენელი გ. დ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ჯ-ის წარმომადგენელი გ. დ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.