Facebook Twitter

¹ას-155-424-08 7 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ.სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ-ძის წარმომადგენელი რ.ფ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ., მ. და რ. მ-ობილები

გასაჩივრებული განჩინება – ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ჯ-ძემ სარჩელი აღძრა ბ.ის საქალაქო სასამართლოში მ., მ. და მ. მ-ობილების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანისა და ალიმენტის გადახდის დაკისრება, ქონების დაბრუნების დავალდებულება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლების მიცემა.

ბ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ნ.ჯ-ძის წარმომადგენელმა, ასევე მოპასუხეებმაც.

ნ.ჯ-ძის წარმომადგენელმა რ.ფ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

მოპასუხეებმა _ მ., მ. და მ. მ-ობილებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ორივე მხარეს განჩინებით განუსაზღვრა ვადა.სააპელაციო საჩივრებზე ხარვეზის შესავსებად.

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინებით ნ.ჯ-ძის წარმომადგენელ რ.ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება მხარეს კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის განჩინებით მ., მ. და მ. მ-ობილების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.

20..წ. .. ნოემბერს ნ.ჯ-ძემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქ.ის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . დეკემბრის განჩინებით ნ.ჯ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ნ.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული და განმეორებით იმავე გადაწყვეტილების გასაჩივრება აღარ შეიძლებოდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ჯ-ძის წარმომადგენელმა _ რ.ფ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არასწორად განმარტა შეგებებული სააპელაციო საჩივრის არსი და მისი პროცესუალური მნიშვნელობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ.ჯ-ძის წარმომადგენელ რ.ფ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

მითითებული ნორმის თანახმად, სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც მხარე კარგავს უფლებას გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისა, თუმცა იგი კვლავ მოიპოვებს ამ უფლებას, თუ მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც უარი არ უთქვამს გასაჩივრებაზე, შემოიტანს სააპელაციო საჩივარს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფორმით კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

მითითებული მუხლის თანახმად, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკაშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აპელანტი უარს იტყვის თავის სააპელაციო საჩივარზე (სსკ 378-ე მუხლი), მაშინ შეგებებული სააპელაციო საჩივარიც კარგავს თავის დანიშნულებას და ისიც უარყოფილ უნდა იქნეს, შესაბამისად, თუ სასამართლო ამა თუ იმ მიზეზის გამო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს, მან განუხილველად უნდა დატოვოს შეგებებული სააპელაციო საჩივარიც.

თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არის ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია ამ ძირითადი სააპელაციო საჩივრის პარალიზება და გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილებაზე ნ.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

დადგენილია, რომ ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის განჩინებით მ., მ. და მ. მ-ობილების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.

ასევე დადგენილია, რომ ნ.ჯ-ძემ, მ., მ. და მ. მ-ობილების სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10- დღიან ვადაში, შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქ.ის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში განმარტა, რომ, ვინაიდან ნ.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული და, შესაბამისად, განმეორებით იმავე გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელი იყო. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ჯ-ძეს უკვე ჰქონდა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, მან ხარვეზის შეუვსებლობით, გაცნობიერებულად თქვა უარი თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე. აღნიშნულით მან დაკარგა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების უფლება, თუმცა არ დაუკარგავს უფლება ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისა. ამრიგად, კანონით დადგენილ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანით, ნ.ჯ-ძემ გამოხატა თავისი, როგორც მხარის, საპროცესო უფლება. კერძოდ, მან შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიმართა მ., მ. და მ. მ-ობილების ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის პარალიზებისა და გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების მიზნით, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა აპელანტთა სასარგებლოდ გადაწყდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ.ჯ-ძის წარმომადგენელ რ.ფ-ძის კერძო საჩივარი დასაბუთებულია და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე განსახილევლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ.ჯ-ძის წარმომადგენელ რ.ფ-ძის კერძო საჩივარი დაკამყოფილდეს.

გაუქმდეს ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . დეკემბრის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე განსახილევლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.