საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-156-425-08 21 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. თ-აძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. პ-იძე, ქ.თბილისის ნოტარიუსი ზ. ბ-შვილი, ნოტარიუსი ვ. ნ-იძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის ნოტარიუს ზ. ბ-შვილის, ნოტარიუს ვ. ნ-იძისა და ნ. პ-იძის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელის მშვილებელი ანატოლი თევზაძე მოსარჩელის მამიდაშვილის _ ნ. პ-იძის ოჯახში. გარდაცვალების შესახებ ზ. თ-აძისათვის არ შეუტყობინებიათ. აღნიშნული ფაქტის შეტყობის შემდეგ მან მიმართა ქ.ბათუმში ნოტარიუს ვ. ნ-იძეს მემკვიდრეობის მოწმობის მისაღებად, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ. ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ ანატოლი თევზაძემ ანდერძით თავისი ქონება დაუტოვა ნ. პ-იძეს. მითითებული ანდერძი ყალბია, ვინაიდან მამკვიდრებლის მიერ ხელმოწერილი არ არის.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ნ. პ-იძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ზ. თ-აძის მიმართ და მოითხოვა მისი უღირს მემკვიდრედ ცნობა იმ დასაბუთებით, რომ ა.თევზაძის სიცოცხლეში მოსარჩელე უმადურობას იჩენდა მამკვიდრებლის მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზ.თევზაძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ზ. თ-აძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. თ-აძის სააპელაციო საჩივარს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. პალატის მითითებით, აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა, თუმცა საფოსტო გზავნილი დაბრუნდა შეტყობინებით, რომ ზ. თ-აძემ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით, მე-7 მუხლის მეორე ნაწილით და ზ. თ-აძისთვის სასამართლოს განჩინება ჩაბარებულად ჩათვალა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ.თევზაძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად არასწორად მიიჩნია, რასაც საფუძვლად ადრესატის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე შეუტყობინებლობა დაედო. ფაქტობრივად, ზ.თევზაძეს მისამართი არ შეუცვლია. როგორც აპელანტისათვის გახდა ცნობილი, სახალხო ფოსტის თანამშრომელი იყო მისული მის სახლში, თუმცა, ადრესატის არყოფნის გამო, გზავნილი ვერ გადასცა. სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, მოეძებნა აპელანტი და ხარვეზის განჩინება ჩაებარებინა, რაც არ განუხორციელებია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. თ-აძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. აღნიშნული განჩინება აპელანტს საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა, თუმცა საფოსტო განყოფილების მუშაკის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ადრესატმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და მას სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს, აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი ფაქტობრივად ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას, მიიღოს სასამართლო უწყება ან გზავნილი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო სავსებით სწორად დაეყრდნო საფოსტო განყოფილების მუშაკის მიერ შედგენილ აქტს და, ზ.თევზაძის მიერ შეცვლილი საცხოვრებელი ადგილის შეუტყობინებლობის გამო, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საქმეში არსებულ მისამართზე გაგზავნის შედეგად აპელანტისათვის ჩაბარებულად მართებულად ჩათვალა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ, ფაქტობრივად, მას საცხოვრებელი მისამართი არ შეუცვლია, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ ფოსტით არაერთხელ გაგზავნილი დოკუმენტები ადრესატს არ ჩაბარდა საქმეში არსებულ მისამართზე მისი არ ყოფნისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო (II ტომი, ს.ფ. 6, 23, 27, 35, 39). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება ზ.თევზაძეს არ წარმოუდგენია და ასეთ დასაბუთებას არც მისი კერძო საჩივარი არ მოიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად, მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
აპელანტ ზ.თევზაძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. თ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.