Facebook Twitter

ას-157-485-09 6 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ც-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ც-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ც-ამ მოპასუხე რ. ც-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების სახით 10 000 აშშ დოლარის, აგრეთვე 2007 წლის 10 ივლისიდან ყოველთვიურად აღნიშნულ დავალიანებაზე დარიცხული სარგებლის (პროცენტის) _ 2000 აშშ დოლარის, მთლიანობაში 12 000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ვალის აღიარების შესახებ 2007 წლის 9 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე რ. ც-ძემ აღიარა ა. ც-უას წინაშე 10 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა 2006 წლის ივნისში კრედიტორის მიერ მოვალისათვის ავტომანქანის შესაძენად თანხის გადაცემის შედეგად. ხელშეკრულებითვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე (რ. ც-ძე) ვალს გადაიხდიდა 2007 წლის 10 ივლისამდე. მოცემული ვადის გასვლის შემდეგ ვალს დაერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 2%-ის ოდენობით, რაც სარჩელის აღძვრის დროისათვის შეადგენდა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, თანხა არ დაუბრუნებია.

2007 წლის 13 აგვისტოს რ. ც-ძემ ხელწერილით იკისრა ვალდებულება ა. ც-უასათვის ვალი დაებრუნებინა 2007 წლის 10 სექტემბრამდე. რამდენადაც მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არც ამჯერად შეასრულა, ა. ც-უამ თანხის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი წარადგინა (ტომი I, ს.ფ. 1-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2008 წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ც-უას სარჩელი დაკმაყოფილდა: რ. ც-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა (ტომი I, ს.ფ. 44-46).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა რ. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება (ტომი I, ს.ფ. 53, 62).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით რ. ც-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 71-75).

ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ც-ძემ. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა 8000 ლარის მოთხოვნის ნაწილში აღიარა, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმება. იმავდროულად, რ. ც-ძემ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება (ტომი I, ს.ფ. 78-87).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, რ. ც-ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა, რაც 792 ლარს შეადგენდა, მასვე დაევალა ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა (ტომი II, ს.ფ. 2-3).

2008 წლის 15 დეკემბერს რ. ც-ძემ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადებით ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, რამდენადაც დადგენილ ვადაში 792 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის წარმოადგენდა სიძნელეს (ტომი II, ს.ფ. 6).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით რ. ც-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 792 ლარის გადახდა და ამავე ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა (ტომი II, ს.ფ. 7-8).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით რ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინება, რომლითაც რ. ც-ძეს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა აპელანტმა (არაერთხელ გაგზავნისა და ჩაუბარებლობის შემდგომ) პირადად ჩაიბარა 2009 წლის 9 იანვარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღიდან ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

რამდენადაც სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 9 იანვარს, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან _ 2009 წლის 10 იანვრიდან და ამოიწურა 2009 წლის 14 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე. მიუხედავად ამისა, რ. ც-ძეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება; თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 16-20).

სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტმა სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, თუმცა აღნიშნულ შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. აქედან გამომდინარე, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 47-ე, 83-ე მუხლების მოთხოვნები.

რ. ც-ძე უმუშევარია 1994 წლიდან, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5.1 მუხლის შესაბამისად იღებს სოციალურ შემწეობას.

გარდა ამისა, აპელანტი წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს, რაც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1‘‘ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მას ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემომითითებული გარემოებები გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობას ცხადყოფს, რის შესაბამისადაც აღნიშნული განჩინება გაუქმებას, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიღებას ექვემდებარება (ტომი II, ს.ფ. 26-27).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინება, რ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა რ. ც-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში აღიარა მოსარჩელის მიმართ დავალიანება 8000 ლარის ნაწილში და დანარჩენ ნაწილში მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. 78-87). ამდენად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა არა 12 000 აშშ დოლარს, არამედ 12 000 აშშ დოლარისა და 8 000 ლარის სხვაობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრა საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ც-ძისათვის დაკისრებული სრული თანხიდან _ 12 000 აშშ დოლარიდან, რის შედეგადაც სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ 792 ლარი შეადგინა (ტომი II, ს.ფ. 2-3).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გამოანგარიშებას ექვემდებარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ც-ძისათვის დაკისრებული დარჩენილი თანხიდან (12 000 აშშ დოლარისა და 8000 ლარის სხვაობიდან). სახელმწიფო ბაჟის ამგვარად განსაზღვრის შემთხვევაში აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხა ნაკლები ოდენობით დაუდგინდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის სწორად განსაზღვრას შეიძლება გავლენა მოეხდინა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის აღმოფხვრასა და ამდენად, საქმის შედეგზე.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. ც-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება (ტომი I, ს.ფ. 78-87). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს ისე დაუდგინდა ხარვეზი, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტის აღნიშნულ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე, რათა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძვლების რეალურად არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა არსებითი საპროცესო უფლებაა სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, რაც ასევე გულისხმობს ამ შუამდგომლობების განხილვის, ხოლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში _ შუამდგომლობაზე უარის თქმის მოტივების ცოდნის უფლებასაც.

ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის გარეშე არ უნდა მომხდარიყო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შემოწმებას აღნიშნული თვალსაზრისითაც ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტით მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი უფრო ახალი და, იმავდროულად, სპეციალური ნორმაა, ვიდრე «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტი. ამასთან, დასახელებული 46-ე მუხლის დისპოზიცია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას უკავშირებს ორი პირობის _ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მხარეთა რეგისტრაციისა და მათ მიერ საარსებო შემწეობის მიღების ფაქტების ერთდროულად არსებობას, რაც უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობით, მართალია, ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილია რ. ც-ძე, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს მისი ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებას, გარდა ამისა, აღნიშნული ცნობა გაცემულია 2007 წლის 18 მაისს და არა დღევანდელი მდგომარეობით. შესაბამისად, მითითებული საფუძვლით რ. ც-ძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხოლოდ ამ ცნობის საფუძველზე ვერ გათავისუფლდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ც-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.