Facebook Twitter

ას-159-497-07 5 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს ,, .. .. ..” დირექტორი ლ. ხ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ხ-ი, ნ. გ-ე, ო. ნ-ი, დ. წ-ა-ნ-ი, თ. ა-ი, შ. დ-ე, ც. ნ-ე, ნ. ტ-ე, ნ. ბ-ე, მ. ბ-ა, ლ. ნ-ე, ე. გ-ე, მ. ჭ-ა, ვ. მ-ი, ლ. ა-ი, მ., ლ. და გ. გ-ები, ლ. ბ-ე, ო. ლ-ე, თ. ნ-ი, დ. ს-ე, კ. ს-ი, უ. გ-ი, რ. დ-ა, თ. ფ-ე, ნ. ხ-ი, ნ. ნ-ე, ნ. ა-ი, ტ. გ-ა, ნ. ტ-ი, ნ. ჩ-ე, თ. ნ-ე, ნ. ჩ-ე, მ. ქ-ე, ქ. ბ-ა, დ. გ-ი, ნ. ლ-ი, ნ. მ-ე, პ. დ-ი, სს “ .. .. ..” კრედიტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნ. გ-ე (მოსარჩელეები);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტი;

ქ.თბილისის ... (მოპასუხეები)

დავის საგანი - შენობის ნატურით გადაცემა, სააღსრულებო გადასახადისაგან განთავისუფლება, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მოპასუხედ ჩართვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “.. .. ..” კრედიტორთა ჯგუფმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... და ქ.თბილისის ... მიმართ და მოითხოვა სს “ .. .. ..” კუთვნილი შენობის ნატურით გადაცემა, სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სააღსრულებო მოსაკრებლის გადასახადისაგან განთავისუფლება და ქონების ნატურით გადაცემის შემდეგ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. მოსარჩელეთა განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” დაეკისრა მათ სასარგებლოდ 156 430 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ყადაღა დაედო ქ.თბილისში მდებარე სს “ .. .. ..” კუთვნილ შენობას ... ქ.¹28-ში, რომლის საჯარო ვაჭრობით გასხვისებისათვის აუქციონი სამჯერ დაინიშნა, თუმცა, შესყიდვის მსურველთა განაცხადის არარსებობის გამო, შენობა ვერ გაიყიდა. საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარი განაცხადეს.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ს/ს “ .. .. ..” კრედიტორებს გადაეცა მოვალის _ ს/ს “ .. .. ..” კუთვნილი ორსართულიანი 660,48 კვ.მ შენობა მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.¹28-ში, რომელიც საჯარო ვაჭრობის გზით აუქციონზე არ გაიყიდა. შენობის ნატურით საკუთრებაში გადაცემის შემდეგ სს “ .. .. ..” მიმართ შეწყვეტილ უნდა იქნეს სააღსრულებო წარმოება. სს “ .. .. ..” კრედიტორები (მოსარჩელეები) განთავისუფლდნენ სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდისაგან, აუქციონზე გაუყიდავი შენობის ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის სხდომაზე სს “ .. .. ..” დირექტორმა ლ. ხ-მა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე საქმეში ჩართული იქნეს მოპასუხედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... და თბილისის ... ერთად.

თბილისის სააპელაციო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით სს “ .. .. ..” შუამდგომლობა საქმეში მოპასუხედ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს მოპასუხეთა წრეს. მოცემულ შემთხვევაში სს “ .. .. ..” მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული მოპასუხედ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელში დავის საგანია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქონების ნატურით გადაცემა. სარჩელი უშუალოდ მიმართულია თბილისის ... და ... მიმართ და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სს “.. .. ..” მიმართ ვალდებულებებს არ განსაზღვრავს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

სს “ .. .. ..” დირექტორმა ლ. ხ-მა კერძო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეში მოპასუხედ ჩართვა.

კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ მოტივებს:

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 1 მარტს დააკმაყოფილა სს „ .. .. ..“ კრედიტორების უკანონო სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... და თბილისის ... მიმართ სს „ .. .. ..“ კუთვნილი შენობის მდებარე ... ქ. ¹28-ში ნატურით გადაცემის შესახებ, ისე, რომ მოსამართლეს შენობის ნამდვილი მესაკუთრეები მოწმედაც კი არ დაუბარებია; ამით სს „ .. .. ..“ მოესპო კანონიერი უფლება მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესში და დაეცვა აქციონერთა ინტერესები.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებაში დაუსაბუთებლადაა მითითებული, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს მოპასუხეთა წრეს, რადგან არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელეთა სათანადოობის შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სს „ .. .. ..“ მიმართ ვალდებულებებს არ განსაზღვრავს უსაფუძვლოა.

კერძო საჩივრის ავტორს ასევე სადავოდ მიაჩნია ნატურით გადასაცემი შენობის ამჟამინდელი ღირებულებაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ .. .. ..” დირექტორი ლ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილში, ამ ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ კერძო საჩივრით საჩივრდება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ ისეთი განჩინებები, რომლებიც პირდაპირაა კანონით განსაზღვრული. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი შეტანილია განჩინებაზე, რომლითაც სს “ .. .. ..” დირექტორი ლ. ხ-ს უარი ეთქვა მოპასუხედ ჩართვაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის განსაზღვრა, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი აღნიშნული კატეგორიის განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ .. .. ..” დირექტორი ლ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.