საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№752აპ-16 ქ. თბილისი
კ-ი ლ., 752აპ-16 9 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ლ. კ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–4 და მე–6 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვალა 2016 წლის 24 აგვისტოდან. ლ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო - 2016 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ-მა დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი სიმთვრალეში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 17.30 საათზე, თ-ში, სოფელ დ-ში, ა-ის ქუჩაზე, ლ. კ-მა, რომელიც მთვრალი მართავდა ,,ვაზ 21099“ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა „ვაზ 21063“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ს. ს-ი.
საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით „ვაზ 21063“ მარკის ავტომანქანის მგზავრი გ. ფ-ი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე მგზავრმა – ზ. შ-მა კი მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-ემ და ითხოვა მისი გამართლება იმ მოტივით, რომ ექსპერტიზის კვლევა ჩატარდა ცალმხრივად, მიკერძოებულად და ავტოტექნიკური დასკვნაც არასრულყოფილია. ასევე არასრულყოფილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რადგან შემთხვევის ადგილი სათანადოდ არ ყოფილა აღწერილი და დაცული, რაც აგრეთვე არ გაიზიარა სასამართლომ. ამასთან, მოწმე ს. ს-ის ჩვენებაც არ არის სანდო, რადგან იგი განსხვავებულად აღწერს მანქანის მდებარეობას ტროტუართან მიმართებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ლ. კ-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე №505აპ-15, 58აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოწმე ს. ს-ის ჩვენება სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მათი არასარწმუნოობის გამო, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებმა გამოიკვლიეს საქმის არსებითი განხილვისას, ისინი თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე