Facebook Twitter

ას-160-488-09 4 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ს.-ი”

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ.-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების განახლება, კრედიტორად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “მ.-ს” დირექტორმა თ. დ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ მისი გადახდისუუნარობის საფუძველზე.

კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებებით გაკოტრების წარმოების გახსნის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა გაკოტრების მმართველი, 2006 წლის 21 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა შპს “მ.-ს” გაკოტრების საქმის წარმოება, 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შედგა საზოგადოების გაკოტრების ტაბულა, 2006 წლის 12, 20 დეკემბრისა და 2007 წლის 22 იანვრის განჩინებებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრებები, 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით კრედიტორული მოთხოვნების საბოლოო ცხრილის საფუძველზე დამტკიცდა გაკოტრების ტაბულა, 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება, 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით წინასწარ განაწილებაში შევიდა ცვლილება, 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება აუქციონის დებულების დამტკიცების, აუქციონის თარიღის განსაზღვრისა და გაკოტრების მმართველისათვის აუქციონის ჩატარების დავალების შესახებ, 2007 წლის 5 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “მ.-ს” გაკოტრების მმართველის განცხადება გაკოტრების მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების განაწილების თაობაზე, 2007 წლის 6 მარტის განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებებზე შპს „ს.-ის“ წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი.

კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის განჩინებით დამტკიცდა შპს „მ.-ს“ გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და საბოლოო მოხსენება, დასრულდა გაკოტრების საქმის წარმოება, შპს „მ.-ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და დადგინდა მისი ლიკვიდაცია, მარეგისტრირებულ ორგანოს, გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საზოგადოების სამეწარმეო რეესტრიდან ამორიცხვა და გაკოტრების მმართველ ვ.კაპანაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს “ს.-ის” კერძო საჩივარი კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე გაკოტრების წარმოების გახსნის განცხადების წარმოებაში მიღების, 2006 წლის 21 აგვისტოს განჩინებაზე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, 2006 წლის 12, 20 დეკემბრისა და 14 თებერვლის განჩინებებზე კრედიტორთა კრებების მოწვევის შესახებ დარჩა განუხილველად, რაც შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე გაკოტრების მმართველის დანიშვნის, 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე საზოგადოების გაკოტრების ტაბულის შედგენის, 2007 წლის 22 იანვრის განჩინებაზე კრედიტორთა კრების მოწვევის, 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე კრედიტორული მოთხოვნების საბოლოო ცხრილის საფუძველზე გაკოტრების ტაბულის დამტკიცების, 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე წინასწარ განაწილებაში ცვლილების შეტანის, 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე აუქციონის დებულების დამტკიცების, მისი თარიღის განსაზღვრისა და გაკოტრების მმართველისათვის აუქციონის ჩატარების დავალების თაობაზე კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების დამტკიცების, 2007 წლის 5 მარტის განჩინებაზე გაკოტრების მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების განაწილების თაობაზე შპს “მ.-ს” გაკოტრების მმართველის განცხადების დაკმაყოფილებისა და 2007 წლის 6 მარტის განჩინებაზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ შპს „ს.-ის“ მიერ შეტანილ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით და დაადგინა, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 მაისის ¹148 ბრძანებისა და 2007 წლის 28 მაისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შპს “მ.-ს” ლიკვიდაციის რეგისტრაცია და საზოგადოება ამოირიცხა სამეწარმეო რეესტრიდან. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში პროცესუალური უფლებამონაცვლება არ დაიშვება, ვინაიდან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ შეიტანონ კერძო საჩივარი საკასაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს.-მა“ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტით საზოგადოებას შეეზღუდა საყოველთაოდ აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, დაარღვია და არასწორად განმარტა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონისა და სამოქალაქო კოდექსის დებულებები. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ შპს “მ.-ი-მ” უკანონოდ არ აცნობა მის კრედიტორ შპს “ს.-ს” გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ, რითაც მას საშუალება არ მისცა, დაეკმაყოფილებინა შპს “მ.-ი-ს” მიმართ არსებული 960 000 ლარის ოდენობის დავალიანება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალები შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

“გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლი ამ კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრავს 2007 წლის 15 აგვისტოს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა ეხება რა შპს “მ.-ი-ს” გაკოტრების საქმის წარმოების კანონიერებას, იგი უნდა მოწესრიგდეს “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე აღნიშნული კანონის 56-57-ე მუხლების თანახმად.

დასახელებული კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანის გზით. ამასთან, აღნიშნულ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შპს “ს.-ის” კერძო საჩივარი კასპის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებზე განიხილა სწორედ როგორც ზემოდგომი ინსტანციის სასამართლომ და მასზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარებოდა და წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს.-ის” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.