საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-161-430-08 31 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჰ. გ-ი-ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ა-ი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – უძრავი ნივთიდან წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. გ-ი-ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ა-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საცხოვრებელი სახლიდან ორი ოთახის მიკუთვნებისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ახმეტის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და სახლი ირიცხებოდა მოსარჩელის მამათილის, როგორც კომლის უფროსის სახელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ კომლში დარჩა მოსარჩელე თავის მეუღლესათან ერთად. 1980 წელს ჰ. გ-ი-ა-ის მეუღლე გარდაიცვალა და ამ დროიდან მოსარჩელე სადავო სახლში მარტო ცხოვრობდა. მისმა შვილებმა _ ზ. და შ. ა-ებმა გააუმჯობესეს სახლი და ¹1, 2 და 3 ფიცრული ოთახების გარდა დანარჩენი სახლის ნაწილი მათ ააშენეს და გადახურეს. მოსარჩელის მულმა ე. ა-მა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება უკანონოდ მთლიანად აღრიცხა თავის სახელზე, ფაქტობრივად კი, სახლის ნაწილი ჰ.გ-ი-ა-ის საკუთრებაა.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირებად ჩაერთვნენ შ. და ზ. ა-ები.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ დასაბუთებით, რომ სადავო უძრავი ნივთი ე.ა-ის სახელზე აღირიცხა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ე. ა-ის განმარტებით, მოსარჩელეს სადავო სახლში არ უცხოვრია, რადგან იგი მეუღლესათან ერთად ცხოვრობდა მამის მიერ ნაყიდ სხვა სახლში, რომელიც მოსარჩელემ გაყიდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ჰ. გ-ი-ა-მა, შ. და ზ. ა-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შ. და ზ. ა-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ჰ. გ-ი-ა-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დასადასტურებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით ჰ. გ-ი-ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჰ. გ-ი-ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლებს, კერძოდ, 2007 წლის 29 დეკემბერს _ თ. მ-ს, ხოლო 2008 წლის 4 იანვარს _ დ. ბ-ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პალატამ წარმომადგენლებისათვის განჩინების ჩაბარება მის მხარისათვისაც ჩაბარებად ჩათვალა, ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2007 წლის 30 დეკემბრიდან და იგი ამოწურულად მიიჩნია 2008 წლის 8 იანვარს. პალატამ მიიჩნია, რომ, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტმა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუშვა, ვინაიდან სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა 2008 წლის 10 იანვარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჰ. გ-ი-ა-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა ხარვეზის შესახებ განჩინების თ. მ-სათვის ჩაბარების მომენტიდან, რომელიც მხარის ინტერესებს ორდერის საფუძველზე იცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვალდებული არ იყო, ხარვეზის თაობაზე განჩინება კერძო საჩივრის ავტორისათვის გადაეცა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ თ.მ-ს ხარვეზის განჩინება 2007 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა, ვინაიდან გზავნილის ჩაბარების შესახებ ბარათი მის მიერ ხელმოწერილი არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჰ. გ-ი-ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დადასტურება. ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა როგორც აპელანტს, ისე მის წარმომადგენლებს _ თ. მ-სა და დ. ბ-ს. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ჩაბარების ბარათის თანახმად, განჩინების ასლები თ. მ-ს ჩაბარდა 2007 წლის 29 დეკემბერს, დ. ბ-ს კი _ 2008 წლის 4 იანვარს.
2008 წლის 10 იანვარს ჰ. გ-ი-ა-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს არსებული ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა აპელანტის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა რა თ.მეტრეველისათვის ხარვეზის თაობაზე განჩინების ჩაბარების მომენტიდან _ 2007 წლის 29 დეკემბრიდან, მიიჩნია, რომ 2008 წლის 10 იანვარს ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტმა სასამართლოს მიმართა აღნიშნულისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწვალისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. გ-ი-ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადა 2007 წლის 29 დეკემბრიდან _ თ. მ-სათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომენტიდან არასწორად აითვალა, ვინაიდან დასახელებული პირი ჰ. გ-ი-ა-ის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ამხანაგობა “...ის საადვოკატო ბიუროს” ¹358 ორდერის საფუძველზე, რომლის მიხედვით ადვოკატი თ.მ-ი უფლებამოსილია, წარმოადგინოს მარწმუნებელი სასამართლოში, თუმცა მარწმუნებლის სახელით სხვა სახის საპროცესო მოქმედებების განხორციელების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღნიშნული ორდერით გათვალისწინებული არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება თუ გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვლოს მაშინაც, როდესაც იგი ჩაბარდება მის წარმომადგენელს. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელი მხარის წარმომადგენელში გულისხმობს ისეთ პირს, რომელსაც მხარის სახელით ამავე კოდექსის 98-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება გააჩნია.
ამდენად, ჰ. გ-ი-ა-ის მიერ თ. მ-სათვის მინიჭებული უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა რა სასამართლოში წარმომადგენლობით, მას კანონით დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება არ უნდა გაგზავნოდა. შესაბამისად, თ.მ-სათვის აღნიშნული სასამართლო გზავნილის ჩაბარება სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მხრიდან უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებად არასწორად ჩათვალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ჰ. გ-ი-ა-ის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა 2007 წლის 29 დეკემბრიდან (ხარვეზის შესახებ განჩინების თ.მეტრეველისათვის ჩაბარების მომენტიდან) არ უნდა აეთვალა და მითითებული ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჰ. გ-ი-ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.