¹ას-161-499-07 26 აპრილი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 19 ივლისს რ. ქ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს “ .. ..” წინააღმდეგ და მოითხოვა საზოგადოების 2006 წლის 19 მაისის აქციონერთა საერთო კრების უკანონოდ ცნობა, ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება და იმავე დღის წესრიგით საერთო კრების მოწვევის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ქ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის პირველი თებერვლის განჩინებით, რ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ქ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, გასაჩივრების ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე დღეებს, რის გამოც მან კანონის ფარგლებში, მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დაადგინა, რომ რ. ქ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 5 იანვარს (ს.ფ.54) და, შესაბამისად, სსკ მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უკანასკნელი ვადა იყო 19 იანვარი. ვინაიდან რ. ქ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 22 იანვარს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი შეტანილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც აღნიშნული საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე დატოვა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ, ვადის გასვლის უკანასკნელი დღე _ 19 იანვარი დაემთხვა უქმე დღეს _ ნათლისღებას, ხოლო შემდგომი 20 და 21 იანვარი (შაბათი და კვირა) კი დასვენების დღეებს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის დამთავრების დღედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უნდა ჩაეთვალა 22 იანვარი (სააპელაციო საჩივრის შეტანის Dდღე) და სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. ამდენად, სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში და იგი დასაშვებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული საპროცესო დარღვევები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ამ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.