¹ას-201-456-08 14 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ მიბარებული ნივთის დაბრუნების ან ზიანის _ 35 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1997 წელს მოსარჩელის მეუღლე ლ. ა-მა დააფუძნა ინდივიდუალური საწარმო „ლ. ა-ი”, რომლის უფლებამონაცვლეც ამჟამად მოსარჩელეა. 1997 წლის 2 აპრილის იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხემ ინდივიდუალურ მეწარმეს იჯარით გადასცა არასაცხოვრებელი ფართი ¹........ აეროვაგზლის შენობაში, სადაც ლ. ა-მა გახსნა კაფე-ბარი. 1997-1998 წლებში თ-ში მიმდინარე რემონტის გამო, იჯარით მიღებული ფართის ნაცვლად, მეწარმეს ნება დაერთო თ-ის ...... ¹......-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაედგა რკინის კონსტრუქცია, სადაც მან გადაიტანა კუთვნილი კვების ობიექტი. რემონტის დასრულების შემდეგ აღნიშნული რკინის კონსტრუქცია აიღეს და განუსაზღვრელი ვადით უსასყიდლოდ შესანახად გადაეცა თ-ის დირექციას, რაც დადასტურდა შესაბამისი ხელწერილით. ადმინისტრაციამ უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ გაასხვისა მიბარებული ნივთი. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სს „თ-ს“ უნდა დაევალოს შესანახად მიბარებული კონსტრუქციის უკან დაბრუნება, ხოლო, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაკარგული ნივთის ღირებულების _ 35000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მოსამართლის აცილების შესახებ და სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომის დარბაზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ. ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით ლ. ა-ის საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს განჩინება ლ. ა-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ლ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათაA გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 23 მაისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდნენ მოსარჩელე ლ. ა-ე და მისი წარმომადგენელი ს. გ-ე. მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ, მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი. სასამართლომ განუმარტა მხარეს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 232-ე მუხლით და ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და მოსარჩელის მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე სხდომის დარბაზის დატოვება მართებულად ჩათვალა მხარის გამოუცხადებლობად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ლ. ა-ისა და მისი წარმომადგენლის მითითება, რომ სასამართლო სხდომის დატოვება წარმოადგენდა მოსამართლის მიმართ პროტესტის გამოხატვას, ვინაიდან მოსარჩელეს შეეძლო მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გაესაჩივრებინა კანონით დადგენილი წესით, ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლია, იგი ემყარება მხოლოდ მხარის გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორედ მხარის გამოუცხადებლობის საფუძველზე მიიღება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ა-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის დასაბუთება, კერძოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სადავო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს მოსამართლე საქმეს იხილავდა მიკერძოებით, კანონდარღვევითა და არაობიექტურად. ამასთან, სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირდა, რომ მოსარჩელეს სარჩელზე უარი არ უთქვამს. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა არა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, არამედ მარტოოდენ მოსარჩელის გამოუცხადებლობას.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ლ. ა-ის სარჩელის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 23 მაისს, რა დროსაც მხარეები სასამართლოში გამოცხადდნენ. მოსარჩელემ იშუამდგომლა მოსამართლის აცილების შესახებ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ლ. ა-ემ და მისმა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დატოვეს სხდომათა დარბაზი, რისი სამართლებრივი შედეგი მხარეს განემარტა. ლ. ა-ემ განაცხადა, რომ სარჩელზე უარს არ ამბობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოტანისას სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 232-ე მუხლით, რომელთა თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით მიწვეულ იქნა საქმის განხილვაზე და სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა ან უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობას კანონმდებელი უთანაბრებს არასაპატიოდ მის გამოუცხადებლობას და იმავე სამართლებრივ შედეგს ავრცელებს მასზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ლ. ა-ემ და მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს ნებართვის გარეშე დატოვეს რა სხდომის დარბაზი, აღნიშნული ქმედება უნდა შეფასდეს, საქმის განხილვისადმი მოსარჩელის მიერ იურიდიული ინტერესის დაკარგვად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია, მიუხედავად ლ. ა-ის მითითებისა, რომ იგი სარჩელზე უარს არ ამბობს.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ვალდებული იყო, გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ამგვარი შედეგი მოსარჩელის გამოუცხადებლობისას დამოკიდებულია ორ პირობაზე: გამოუცხადებელი მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს გაფრთხილებული სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე და მოპასუხე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მხოლოდ მითითებული პირობების არსებობა. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა მხარეს კანონით დადგენილი წესით არ დაუსაბუთებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვებისას სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 241-ე მუხლი, რომელის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.