¹ას-162-500-07 8 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჟ. ჟ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჟ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ჟ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჟ-ს, გ. კ-ს, ჟ. ჟ-ს, გორის რაიონის სოფელ ... საკრებულოს, გორის ს...სა და ნოტარიუს ბ.მ-ს მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, ¹128-129 მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკის ნ. და ჟ. ჟ-ების სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და მითითებული ნაკვეთების მემკვიდრედ ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჟ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს გაუგრძელდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა ანდერძში მოხსენიებულ ე.წ. „ახალ სახლზე“, რომელიც საქმეში წარმოდგენილია საკადასტრო რუკაზე ¹129, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ¹129 მიწის ნაკვეთზე ზ. ჟ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ზ.ჟ-ს მოთხოვნას ნ. ჟ-ს საკუთრებაში არსებული ¹128 მიწის ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ჟ. ჟ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ჟ. ჟ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით ჟ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მისთვის სახელმწიფი ბაჟის _ 60 ლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულება მითითებული ნორმით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჟ. ჟ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული საქმე არასწორად განიხილა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მაშინ, როდესაც საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან ერთ-ერთ მოპასუხედ საქმეში ჩაბმული იყო საჯარო რეესტრის გორის ... სამსახური. ამასთან, ჟ. ჟ-ს ს...ს ნაცვლად, არაწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ჟ-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება ჟ. ჟ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა მისთვის სახელმწიფო ბაჟის _ 60 ლარის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში ჟ.ჟ-ი სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 60 ლარი, რაც ზემოხსენებული ნორმით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოცემული საქმე განსჯადობით უნდა განეხილა ადმინისტრაციულ სასამართლოს, ვინაიდან მოცემული დავა თავისი შინაარსით სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათისაა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მართებულად იქნა განხილული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჟ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, ამდენად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ. ჟ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.