Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№10აპ-17 ქ. თბილისი

ო-ი ა, 10აპ-17 20 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ო-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის განაჩენით ა. ო-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ო-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო და დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 2 წლით.

ა. ო-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2015 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 ივნისიდან იმავე წლის 11 დეკემბრამდე.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2014 წლის 12 მარტს, დაახლოებით 10:40 საათზე, ა. ო-ი მართავდა ავტომობილს და უკუსვლით მოძრაობდა თ-ში, კ-ის გ-ზე, N.. ელექტროგანათების ბოძის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ა. ს-ს. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა. ს-ი იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუმცა მძღოლმა ა. ო-მა, რომელსაც ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა, დატოვა შემთხვევის ადგილი და იგი მიატოვა განსაცდელში. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ა. ს-ი გარდაიცვალა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ა. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს. განაჩენი ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს და აგრეთვე იმ პირის ჩვენებას, რომელსაც შესაძლოა, აღნიშნული ავტომობილი თავადაც ემართა. დადასტურებულია, რომ ავტომობილი ეკუთვნის არა მსჯავრდებულს, არამედ - ფ. ი-ს. ა. ო-ის ბრალის აღიარება ფ. ი-ის მიერ მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით იყო გამოწვეული. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ თვითმხილველი მოწმეები არ უთითებენ ა. ო-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. ამდენად, ბრალდების მხარეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ საჭესთან შემთხვევის დროს ნამდვილად ა. ო-ი იჯდა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომანქანას შესაძლოა, მართავდა თავად ავტომანქანის მესაკუთრე ფ. ი-ი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის განაჩენი ძალაში დატოვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა. ამასთანავე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ო-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე