ას-164-502-07 14 სექტემბერი, 2007
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ციური ბალანჩივაძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ეთერი და მარინა მარკოიშვილები (მოპასუხეები)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ციური ბალანჩივაძემ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს 2006 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა მოპასუხეების ეთერ და მარინა მარკოიშვილების მიმართ და მოითხოვა მათთვის თანხის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხეებს 2005 წელს სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობის თანხები ასესხა 10% სარგებლის დარიცხვით, რის შესახებაც შედგა მარტივი წერილობითი ხელშეკრულება. გასესხებულმა თანხამ შეადგინა 1650 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა 2005 წლის ოქტომბრის თვიდან შეუწყვიტეს პროცენტის გადახდა და არც ძირითადი თანხა არ დაუბრუნეს. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ც. ბალანჩივაძის სარჩელი უსაფუძვლობის გამო; გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა მოეხსნა მოპასუხეების ეთერ (ნანა) მარკოიშვილისა და მარინა (მაია) მარკოიშვილის უძრავ და მოძრავ ქონებას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ციური ბალანჩივაძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსწორების კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე და განემარტა, რომ თუ აღნიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით ციური ბალანჩივაძის სააპელაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩეს განუხილველი. ციური ბალანჩივაძეს დაუბრუნდა მის მიერ 2007 წლის 4 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იმავე სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ციური ბალანჩივაძეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2006 წლის 26 დეკემბერს, რომლის თანახმადაც ხარვეზის გამოსწორების მიზნით განსაზღვრული ჰქონდა საპროცესო ვადა 7 დღე 2007 წლის 3 იანვრამდე. საქმეზე წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით ირკვევა, რომ აპელანტმა ბაჟი გადაიხადა 2007 წლის 4 იანვარს. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ასევე არ არის გადახდილი ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. სასამართლომ გამოიყენა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ ც. ბალანჩივაძემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში 2007 წლის 3 იანვრამდე არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა;
ციური ბალანჩივაძეს დაუბრუნდა მის მიერ 2007 წლის 4 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
ციური ბალანჩივაძემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. მისი კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლო განჩინება ხარვეზების შევსების შესახებ პირადად მას არ ჩაბარებია, არამედ ის ჩაბარდა მის ოჯახში სტუმრად მყოფ ჩემს ნათესავს ქრისტინე ბალანჩივაძეს, რომელმაც არ იცოდა რომ მისი ჩაბარება უნდა დაეფიქსირებინა. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ხარვეზი თავის დროზე შეავსო, რადგანაც ფოსტამ აღნიშნული განჩინება ხარვეზების შევსების შესახებ მის ოჯახში მოიტანა და დატოვა 2006 წლის 28 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ც.ბალანჩივაძის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინება და საქმე ც.ბალანჩივაძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოების გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ც.ბალანჩივაძეს ხარვეზის გამოსწორების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, მიეცა ვადა განჩნების ჩაბარებიდან 7 დღე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული სასამართლოს განჩინება ც.ბალანჩივაძეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2006 წლის 26 დეკემბერს. ს.ფ. 77-ზე მოცემულია საქართველოს ფოსტის შეტყობინება საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 26 დეკემბერს ქ.ბალანჩივაძეს. ამდენად ამ დოკუმენტით არ დასტურდება უშუალოდ ციური ბალანჩივაძისათვის ხარვეზის შევსების თაობაზე სასამართლოს განჩინების ჩაბარების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა; ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნაა, რომ ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს.ფ. 77-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის შეტყობინება საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ არ არის შედგენილი ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, რადგან მასზე არ არის მითითებული ქ.ბალანჩივაძის დამოკიდებულება ციური ბალანჩივაძესთან; ასევე ქ.ბალანჩივაძის მიერ ც.ბალანჩივაძისათვის სასამართლო უწყების გადაცემის მოვალეობის თაობაზე.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ციური ბალანჩივაძეს ხარვეზის შევსების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ციური ბალანჩივაძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინება და საქმე ციური ბალანჩივაძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.