საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #739ap-16. ქ. თბილისი
თ-ე გ.-739აპ–16. 16 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით გ. თ-ის, –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2004 წელს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2004 წელს მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი; სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2004 წელს მოქმედი რედაქცია, 2 ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2004 წელს მოქმედი რედაქცია, 2 ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. თ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადით გათვალისწინებით, გ. თ-ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-ემ ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი) და რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. თ-ე 1997 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურში დანაყოფის უფროსად და მისი, როგორც, რთული ელექტრონული რადიო-ტელეაპარატურის სპეციალისტის, მართლზომიერ მფლობელობაში შედიოდა სტაციონარული და გადასატანი რადიოსადგურები, ასევე სხვა ელექტროაპარატურა. 2004 წლის მაისში, აჭარაში განხორციელებული ცნობილი მოვლენების დროს, გ. თ-ემ თვითნებურად, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა დასახელების აპარატურა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე, წაიღო სახლში, რითაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
· გ. თ-ეს, როგორც სპეციალისტს, რთული ელექტრონული რადიო-ტელეაპარატურის სფეროში მომსახურებისათვის აქტით ჩაჰბარდა ბ-ის ი ჭ-ის სახელობის დრამატულ თეატრში დამონტაჟებული ვიზუალური კონტროლისა და ვიდეოჩამწერი აპარატურა. მან ისარგებლა თავისი მდგომარეობით და თვითნებურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე, თეატრის ბალანსზე რიცხული აპარატურა წაიღო სახლში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
· 1998 წლის 10 აგვისტოს გ. თ-ეს, როგორც სპეციალისტს, რთული ელექტრონული რადიო-ტელეაპარატურის სფეროში მომსახურებისათვის აქტით ჩაჰბარდა ბ-ის ს-ო გ-ში (ამჟამად -) დამონტაჟებული ვიზუალური კონტროლისა და ვიდეოჩამწერი აპარატურა, დამცავი და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია. მან ისარგებლა თავისი მდგომარეობით და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე, თვითნებურად დაეუფლა 400 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების აპარატურას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. თ-ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (3 ეპიზოდი) სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე და მისთვის ბრალდების მხარის მიერ საქმის განხილვის დროს მოთხოვნილი სასჯელის განსაზღვრა.
3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
4. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. თ-ის ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
5. აღსანიშნავია, რომ გ. თ-ეს ჰქონდა შს სამინისტროს თანამშრომლის ოფიციალური მოწმობა, თუმცა, როგორც გაირკვა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საშტატო განაცხადში არ ირიცხებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას მცდარი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ უფლებებზე, რის გამოც მან მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის მიბარებული ქონება შესანახად სახლში წაიღო, ხოლო აპარატურის ნაწილი მოსკოვში გააგზავნა შესაკეთებლად. კონკრეტულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტით მინიჭებული უფლება სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ან სპეციალური დავალებით წარმოშობილ უფლებად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად, არც ამ აქტის მოთხოვნების დარღვევა ჩაითვლება მითვისებად. იმ შემთხვევაში, თუ გ. თ-ე შეძლებდა მიღება-ჩაბარების აქტებში აღწერილი ყველა ნივთის დაბრუნებას, მაშინ არც დანაშაულის შემადგენლობა გამოიკვეთებოდა. ამდენად, მსჯავრდებულს არ ჰქონდა თავის მფლობელობაში არსებული ნივთების მითვისების განზრახვა, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი ქმედებები საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) სწორადაა დაკვალიფიცირებული.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე