Facebook Twitter

ას-166-504-07 3 მაისიD, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ხ-ე, ა. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 8 მაისს ქ. პ-მა სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ა. დ-სა და ი. ხ-ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 21 ივნისს, ცოლად გაჰყვა ი. ხ-ს და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მის ოჯახში. მეუღლის ოჯახში მზითვად წაიღო 2 სული საქონელი და 25 ფრთა ფრინველი. 2004 წელს, მეუღლესთან განქორწინების გამო, საცხოვრებლად დაბრუნდა საკუთარ სახლში, ხოლო საქონელი და ფრინველი დარჩა მოპასუხეთა ოჯახში. მოსარჩელემ მოითხოვა, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხეთათვის სულ 7607 ლარის გადახდის დაკისრება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, ქ. პ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. ხ-სა და ა. დ-ს მის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, სოლიდარულად დაეკისრათ 7607 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ი. ხ-მ და ა. დ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის განახლება, რაც ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ამ განჩინების და ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ი. ხ-სა და ა. დ-ს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდის გამო, მიეცათ განჩინების ჩაბარებიდან 20-დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხებმა _ ი. ხ-მ და ა. დ-მა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მათ ბაჟი დროულად გადაიხადეს, მაგრამ, რადგანაც არ ჰქონდათ შესაბამისი იურიდიული განათლება და გამოცდილება, არ იცოდნენ, რომ სასამართლოში აღნიშნული ქვითრების წარდგენა აუცილებელი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ი. ხ-სა და ა. დ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებს, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდის გამო, 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მიეცათ განჩინების ჩაბარებიდან 20-დღიანი ვადა, სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტებს ჩაბარდათ 2007 წლის 3 იანვარს (ს.ფ.93), ხოლო განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იყო 2007 წლის 23 იანვარი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი არ გამოასწორეს.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათ ბაჟი ვადაში გადაიხადეს, მაგრამ, რადგანაც არ ჰქონდათ შესაბამისი იურიდიული განათლება და გამოცდილება, არ იცოდნენ, რომ აღნიშნული ქვითრების წარდგენა სასამართლოსათვის აუცილებლობას წარმოადგენდა, და შესაბამისად, სასამართლოს დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა საპატიოდ უნდა მიეჩნია, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ხ-სა და ა. დ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.