ას-168-496-09 2 მარტი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ვ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-იანის სარჩელი მ. ვ-იანის მიმართ უკანონოდ აშენებული ფარდულის აღებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჟ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჟ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ვ-იანს დაევალა ახალქალაქში, ... ქ. ¹11-ში მდებარე ნ. ჟ-იანის საცხოვრებელ სახლთან აგებული ფარდულის აღება, მ. ვ-იანს ნ. ჟ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 2600 ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. ვ-იანის წარმომადგენელმა ა. ხ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ მ. ვ-იანის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ვინაიდან იგი 2007 წლის 20 ნოემბრიდან იმყოფებოდა ავად, ჰქონდა მე-3 ხარისხის ჰიპერტონული კრიზი და იწვა საწოლში. აღნიშნულის თაობაზე კი თავად შეიტყო მ. ვ-იანის მეზობლისგან 2007 წლის 30 დეკემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინებით მ. ვ-იანის წარმომადგენელ ა. ხ-იანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ. ვ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინება.
მ. ვ-იანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით შეიტანა საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მ. ვ-იანის საჩივარი, რომელიც თავისი არსითა და შინაარსით წარმოადგენს საკასაციო საჩივარს უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მ. ვ-იანის წარმომადგენელმა ა. ხ-იანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ. ვ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინება.
მიუხედავად ამისა, მ. ვ-იანის წარმონადგენელმა განმეორებით შეიტანა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო პალატამ 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში ერთხელ უკვე იმსჯელა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერების საკითხზე და არ დააკმაყოფილა მ. ვ-იანის საკასაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განჩინება. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს (გადაწყვეტილება) განჩინება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ვ-იანის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ვ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ა-1631-შ-41-08 4 მარტი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. მ-ენკო (მ-ოვი), უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ.ფ-ოვა
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ოვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-ოვამ განცხადებით მიმართა უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონულ სასამართლოს ა. მ-ოვის მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ ა. მ-ოვის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.მ-ოვის განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 1994 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის ა. მ-ოვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 1997 წლის 8 აგვისტოდან ყოველთვიურად შემოსავლების 1/4 ნაწილის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 23,40 რუბლის გადახდა.
ი.მ-ოვამ და უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ.ფ-ოვამ შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ.ფ-ოვასა და ი.მ-ოვას შუამდგომლობები 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ.ფ-ოვასა და ი.მ-ოვის შუამდგომლობები უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაყვეტილებით ა.მ-ოვს 1994 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანის შვილის _ ა.მ-ოვის სასარგებლოდ 1997 წლის 8 აგვისტოდან ყოველთვიურად დაეკისრა ყოველგვარი შემოსავლების 1/4-ის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის _ 23,40 რუბლის ანაზღაურება.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ.ფ-ოვასა და ი.მ-ოვას შუამდგომლობები უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემრის გადაწყვეტილება, რომლითაც 1970 წლის 21 აპრილს დაბადებულ ა. მ-ოვს მცხოვრებს საქართველოში, ბოლნისის რაიონი, სოფელი პატარა მუგანლო დაეკისრა 1994 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული უკრაინის ქ.კიევი, ... 56, ბინა 46-ში მცხოვრები ა. მ-ოვას სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1997 წლის 8 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილის, ასევე სახელმწიფო ბაჟი 23,40 რუბლის ოდენობით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.