საქმე №27აგ-17 თბილისი
დ-ე ი, 27აგ-17 4 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 იანვრის განაჩენით ი. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. დ-ს განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 26 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ-ა და მისი ადვოკატის - დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-ს ¼-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ¼-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. დ-ს განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 26 აპრილიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ-ს ადვოკატ დ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. დ-ა და მისი ადვოკატის - დ. კ-ს საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. 2016 წლის 27 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. დ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. დ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ასევე, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის განხილვა უნდა წარიმართოს იმ კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი.
4. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი. დ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა და განაჩენი გამოეტანა ამ კოდექსით დადგენილი წესით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის №222აგ-16 განჩინება; 2016 წლის 2 ნოემბრის №113აგ-16 განჩინება), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი გამოიტანა ამჟამად მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს გარემოება, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე, 570-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ი. დ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა წარიმართოს და სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, იგი არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 329-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ი. დ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
2. მსჯავრდებულ ი. დ-ს საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
ბ. ალავიძე