Facebook Twitter

ას-171-499-09 2 აპრილი 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. რ-ოვა (მოპასუხე)

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი – გ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ია (მოსარჩელე).

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის წარმოებაში მიღება.

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა კ. გ-იამ მოპასუხეების ფ. რ-ოვას, ლ. და გ. ლ-შვილების მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით კ. გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფ. რ-ოვამ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2008 წლის 16 ოქტომბერს 15.30 საათზე, არ გამოცხადდა ფ. რ-ოვა. აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის – მ. ს-შვილის მიერ აღნიშნულ სხდომაზე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტ ფ. რ-ოვას სახელით გაასაჩივრა მისმა წარმომადგენელმა – გ. კ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით ფ. რ-ოვას საჩივარი დარჩა განუხილველი.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა აპელანტ ფ. რ-ოვას წარმომადგენლის – დ. გ-ავას მეუღლეს – მ. გ-ავას სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2008 წლის 03 ნოემბერს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, გზავნილის ადრესატის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გადაცემა ითვლება ადრესატზე ჩაბარებად, ამდენად 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ფ. რ-ოვას წარმომადგენელ – დ. გ-ავაზე ჩაბარებულად ითვლება 2008 წლის 3 ნოემბრიდან და სწორედ ამ დროიდან უნდა იქნეს იგი მიჩნეული აპელანტ ფ. რ-ოვაზე ჩაბარებულადაც, რადგან გზავნილი მხარეზე ან მის წარმომადგენელზე ჩაბარებულად ითვლება ერთ-ერთი მათგანის მიერ მიღების შემთხვევაში;

დადგენილია, რომ 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარდგენილია 2009 წლის 20 იანვარს.

პალატის განმარტებით, აპელანტ ფ. რ-ოვას ჰქონდა შესაძლებლობა, 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა მისი ჩაბარებიდან – 2008 წლის 3 ნოემბრიდან 10 დღის ვადაში – 2008 წლის 14 ნოემბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი, როგორც დაგვიანებით წარდგენილი, წარმოადგენს დაუშვებელს, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი.

აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. რ-ოვას წარმომადგენელმა გ. კ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მათ მიმართეს ბატონ გ-ავას, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ არც მას და არც მის მეუღლეს არ ჩაბარებია არავითარი გადაწყვეტილება რ-ოვას საქმეზე, მან ასევე განაცხადა, რომ იგი აღარ არის ფ.რ-ოვას წარმომადგენელი 2008 წლის 21 ოქტომბრიდან.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში და გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2009 წლის 9 იანვარს, როცა გადაეცა საქმის მასალები.

კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რადგან ფ. რ-ოვა 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მძიმედ ავადმყოფობდა და ინტენსიურად მიმართავდა სამკურნალო დაწესებულებას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობით. ავადმყოფობის გამო 2008 წლის 16 ოქტომბრის სხდომის გადადების მოთხოვნით სასამართლოში შემოვიდა რ-ოვას მაშინდელი ადვოკატის დ. გ-ავას განცხადებაც.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფ. რ-ოვა ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.

კერძო საჩივრის ავტორმა მოთხოვა 2009 წლის 26 იანვრის განჩინების გააუქმება და 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით ფ. რ-ოვას საჩივარი დარჩა განუხილველი. უცვლელად იქნა დატოვებული ამავე პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში 2008 წლის 3 ნოემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა ფ. რ-ოვას წარმომადგენლის – დ. გ-ავას მეუღლეს – მ. გ-ავას სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 3 ნოემბერს და ამოიწურა 14 ნოემბერს. ფ. რ-ოვამ კი საჩივარი შეიტანა 2009 წლის 20 იანვარს, კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გზავნილის ადრესატის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გადაცემა ითვლება ადრესატზე ჩაბარებად, ამდენად 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ფ. რ-ოვას წარმომადგენელზე – დ. გ-ავაზე ჩაბარებულად ითვლება 2008 წლის 3 ნოემბრიდან და სწორედ ამ დროიდან უნდა იქნეს იგი მიჩნეული აპელანტ ფ. რ-ოვაზე ჩაბარებულადაც, რადგან გზავნილი მხარეზე ან მის წარმომადგენელზე ჩაბარებულად ითვლება ერთ-ერთი მათგანის მიერ მიღების შემთხვევაში;

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ არც დ. გ-ავას და არც მის მეუღლეს არ ჩაბარებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ 2008 წლის 21 ოქტომბრიდან დ. გ-ავა აღარ იყო ფ. რ-ოვას წარმომადგენელი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მისთვის არ იყო ცნობილი აღნიშნულის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეიტანა საჩივარი, შესაბამისად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფ. რ-ოვას საჩივრის დაუსაბუთებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ფ. რ-ოვას წარმომადგენლის გ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.