¹ას-171-508-07 23 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ღ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – .. .. .. სამმართველო (მოპასუხე)
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ღ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს .. .. .. განყოფილების მიმართ და მოითხოვა მის მიერ შესყიდული 46 კვ.მ ნახევარსარდაფის შესაბამისი მიწის 110 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნობა, ასევე მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქ.¹4-ში მდებარე უპატრონოდ მიტოვებული ქონების ნაწილის - 300 კვ.მ ფართის შესყიდვის ნებართვა 6000 აშშ დოლარად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999-2000 წლიდან მის კუთვნილებაშია ქ.თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე 46 კვ.მ ფართი, რაც შეიძინა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, რომლის გაგრძელებაზეც არის დაახლოებით 300 კვ.მ სარდაფი და ნახევარსარდაფი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ამ მისამართზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 209-ე მუხლის შესაბამისად, გააჩნდა ხსენებული ფართის უპირატესი შესყიდვის უფლება. ამასთან, ვინაიდან ბინა დაზიანებული იყო მიწისძვრის შედეგად, 1 კვ.მ-ის ფასი საბაზრო ღირებულებით არ უნდა აღემატებოდეს 15 აშშ დოლარს.
მოსარჩელის მითითებით, თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ბინის მესაკუთრეების მიერ დაკავებულია 96 კვ.მ, ხოლო მთლიანი ფართი შეადგენს 730,36 კვ.მ-ს, აქედან, 416,49 კვ.მ საცხოვრებელია, 163,82 კვ.მ დამხმარე, ხოლო 150,05 კვ.მ კი სამეურნეო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 217-ე მუხლის თანახმად, ამხანაგობა დაშლილია, ბინა მიტოვებული, ხოლო ის სამი ოჯახი, რომლებიც ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ დაკმაყოფილებული არიან ბინით. 300 კვ.მ სარდაფი და ნახევარსარდაფი არ არის აღრიცხული, მიტოვებულია და ითვლება უპატრონო ქონებად. აღნიშნული საფუძვლით, გ.ღ-მ მოითხოვა მის მიერ აუქციონზე შეძენილი 46 კვ.მ ნახევარსარდაფის შესაბამისი 110 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთისა და მის მეზობლად მდებარე 300 კვ.მ ფართის შესყიდვის ნებართვა 6000 აშშ დოლარად.
შემდგომში მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა მოპასუხე .. .. .. სამმართველოს საქმიდან ამორიცხვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ქონება, რომლის შესყიდვასაც იგი მოპასუხისაგან ითხოვდა, სახელმწიფო ბალანსზე არ იყო აღრიცხული და ამიტომ წარმოადგენდა უპატრონო ქონებას. ამასთან, სარჩელით მოითხოვა 264 კვ.მ ფართის დაკანონება.
2005 წლის 30 ნოემბერს გ.ღ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე 264 კვ.მ ნახევარსარდაფის, როგორც უპატრონო ქონების, დაკანონება და განცხადების განხილვა უდავო წარმოების წესით სამოქალაქო სამართალწარმოების ნორმათა შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაიგზანა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ.ღ-მ კვლავ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე 264 კვ.მ ფართის უპატრონოდ აღიარება, მასზე ფაქტობრივი მფლობელობის დადგენა და მესაკუთრედ აღრიცხვა.
მანვე განმარტა, რომ ნახევარსარდაფის საერთო ფართი იყო 700 კვ.მ, საიდანაც 320 კვ.მ ნახევარსარდაფი ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებად, რომელშიც არ შედის ის 264 კვ.მ ფართი, რომლის უპატრონოდ აღიარებას და საკუთრებაში გადაცემასაც მოითხოვს. აღნიშნული ფართი ებმის მის საკუთრებაში არსებულ 46 კვ.მ ფართს და არის უპატრონო. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ თავდაპირველად სასამართლოსათვის მიმართვისას მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდა სსკ-ის 312-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ფართის უპატრონოდ აღიარებას კი მოითხოვს სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ღ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით გ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვენულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ღ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით გ. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ღ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით გ. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 123-124). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გ. ღ-ს გაეგზავნა 2007 წლის 9 მარტს (ს.ფ. 125), რაც კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 12 მარტს (ს.ფ. 126). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 22 მარტის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.