Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-172-439-08 2 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიურო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. კ-ოვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს უფროსმა ბ. მოსულიშვილმა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ფ. კ-ოვის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის 1175 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2006 წლის 15 აგვისტოს გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შესახებაც მოპასუხე ფ. კ-ოვის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მას სახდელად დაედო ჯარიმა 90 ლარის ოდენობით და ზიანის ანაზღაურებაზე წარედგინა მოთხოვნა 1175 ლარი. ფ. კ-ოვის მიერ ზიანი ნებაყოფლობით ანაზღაურებული არ იყო, რის გამოც მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა სასამართლოს მეშვეობით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს უფროსმა ბ. მოსულიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 15 ნოემბერს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 16 ნოემბრიდან და დასრულდა 2007 წლის 30 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს უფროსმა ბ. მოსულიშვილმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 11 დეკემბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს უფროსმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას. დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლს. რადგან საქართველოს კანონის სახ. ბაჟის შესახებ 1-ლი მუხლის თანახმად “სახ. ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი შესაბამისი იურიდიული მოქმედების შესრულებისათვის”. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი კი არეგულირებს ქონებრივ სამართლებრივი დავების ღირებულებას.

ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბოლნისის რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია თავისუფლდებოდა სახ. ბაჟის გადახდისაგან.

კერძო საჩივრის აზრით, გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიურომ ბოლნისის რ-ლი სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო 2007 წლის 15 ნოემბერს, რომელიც გასაჩივრებული იქნა 2007 წლის 29 ნოემბერს გასაჩივრების 14 დღიან ვადაში. მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში დაუშვა ტექნიკური შეცდომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიურომ.

მოცემულ შემთხვევაში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან დავის საგნის ღირებულება წარმოადგენს 100 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა აპელანტის მიერ გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული საკითხი კი ქონებრივ-სამართლებრივია და იგი დასაშვებად იქნებოდა ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბაჟის ოდენობაც იქნებოდა 1000 ლარზე მეტი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი რადგან, აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს, კერძოდ კი განსახილველი დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.