საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №145აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ე ზ 145აპ-17 13 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ზ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენებით ზ. ბ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ ზ. ბ-ს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 17 მაისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განაჩენით ზ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან 3 წელი მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ზ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
2016 წლის 16 მაისს ზ. ბ-ე მივიდა ქალაქ გ-ი, ს-ს ქუჩაზე მდებარე შპს „ნ-ს“ ტერიტორიაზე, სადაც ოპერატორებს მოსთხოვა ნისიად ავტოგაზის ჩატვირთვა. ოპერატორებმა მას უარი უთხრეს მომსახურების გაწევაზე. განაწყენებული ზ. ბ-ე იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა შპს „ნ-ს“ ტერიტორიაზე და მის მფლობელობაში არსებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოპერატორებს - ზ. ჭ-ა და ი. ჭ-ს, რა დროსაც გაისროლა გაურკვეველი მიმართულებით. ზ. ბ-ს მოქმედებით ზ. ჭ-ა და ი. ჭ-ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების განხორციელების შემდეგ, ზ. ბ-მ დატოვა შემთხვევის ადგილი და თან წაიღო უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ბ-მ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას; სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობა იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ნაწილში; რაც შეეხება მუქარას, ამ ნაწილში მსჯავრდებული თავს ცნობს დამნაშავედ და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ბ-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და საკმარისია დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ზ. ჭ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ. გ-ი, ს-ს ქუჩაზე არსებულ შპს „ნ-ს“ ოპერატორად. 2016 წლის 16 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, შპს „ნ-ს“ ავტოგასამართ სადგურზე მივიდა წითელი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, გადმოვიდა მისთვის უცნობი პირი და ითხოვა ავტომობილში გაზის ჩატვირთვა ნისიად, რაზედაც მისმა მეწყვილემ ი. ჭ-ა განუცხადა უარი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ იგივე პირი დაბრუნდა სხვა ტაქსით, გადმოვიდა ავტომანქანიდან და მისი და ი. ჭ-ს მისამართით დაიწყო გინება და მუქარა. მასთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც აწყნარებდა ამ პირს და ეუბნებოდა ,,არ გაისროლოო". აღნიშნული პირი ამბობდა, რომ იყო ზ. ბ-ე და მათ ემუქრებოდა მოკვლით, ,,როგორთუ გაზი არ ჩამისხითო“. ზ. ბ-ს მუქარით შეშინებულები, ის და ი. ჭ-ი დასამალად გაიქცნენ ავტოგასამართი სადგურის გვერდით მდებარე სარემონტო საამქროსკენ. ამ დროს გაიგონეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. ვინაიდან იყვნენ შეშინებულები და ზ. ბ-ს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ვიდრე არ წავიდა იგი, საამქროდან არ გამოსულან.
მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ი. ჭ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ. გ-ი შპს „ნ-ს“ ოპერატორად. 2016 წლის 16 მაისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, შპს „ნ-ს“ ავტოგასამართ სადგურზე მივიდა ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მამაკაცი და ითხოვა ნისიად ავტომანქაში გაზის ჩასხმა. მან (ი. ჭ-ა) ნისიად მომსახურებაზე განუცხადა უარი, რის შემდეგაც ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა წავიდა. დაახლოებით ნახევარ საათში იგივე პირი, ვინც მანამდე ,,ოპელის“ მარკის მანქანაში ნისიად გაზის ჩატვირთვას ითხოვდა, დაბრუნდა ,,მერსედესის“ მარკის ავტომაქანით სხვა პირებთან ერთად. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან, მივიდა მასთან და ზ. ჭ-ნ და იარაღით დაემუქრა ,,დაგხოცავთო"; თან იძახდა, რომ იყო ზ. ბ-ე. მას ახლდა ქალი, რომელიც აჩერებდა და ეუბნებოდა ,,არ გაისროლოო“. ზ. ბ-მ რამდენჯერმე გაიმეორა მოკვლის მუქარა, რის გამოც ისინი შეშინდნენ და დასამალად გაიქცნენ ავტოგასამართი სადგურის გვერდით მდებარე სარემონტო საამქროსკენ. ამ დროს გაიგონეს იარაღიდან გასროლის ხმა, იფიქრეს, რომ ეს იყო ცეცხლსასროლი იარაღი და ვიდრე ზ. ბ-ე არ წავიდა, საამქროდან არ გამოსულან.
მოწმე ა. ჯ-ს ჩვენებით, მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2016 წლის 16 მაისს მასთან მივიდა ნაცნობი ზ. ბ-ე მეუღლესა და შვილთან ერთად და სთხოვა, წაეყვანა თავის ნათესავთან კ-ი. გზაში ზ. ბ-მ სთხოვა მანქანა გაეჩერებინა შპს "ნ-ს" ავტოგასამართ სადგურზე, სადაც იგი გადავიდა მანქანიდან და მივიდა გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებთან, რომლებიც იქვე მანქანაში ისხდნენ. ზ. ბ-მ მათ დაუწყო ყვირილი და მუქარა - ,,მანქანაში ხუთი ლარის გაზი რატომ არ ჩამისხითო“. დაინახა, რომ ზ. ბ-მ ამოიღო იარაღი და ერთხელ გაისროლა. მის დაწყნარებას ცდილობდა მისი მეუღლე. ზ-ი ჩასვეს ავტომაქანაში და ოჯახთან ერთად მიიყვანა ნათესავის სახლში.
მოწმე დ. ჭ-ს ჩვენებით, 2016 წლის 16 მაისს იმყოფებოდა შპს "ნ-ს" ავტოგასამართ სადგურთან მდებარე საამქროში. საღამო ხანს საამქროში შევიდნენ ი. და ზ. ჭ-ი. ისინი იყვნენ შეშფოთებულები და განერვიულებულები. ი. ჭ-ი და ზ. ჭ-ი დაახლოებით 5-10 წუთში დაბრუნდნენ გაზგასამართ სადგურზე.
მოწმე ა. ს-ს ჩვენებით, მუშაობს სახარატო საამქროში. 2016 წლის 16 მაისს იყო სამუშაო ადგილზე, რომელიც მდებარეობს გაზგასამართ სადგურთან ახლოს. მას გარედან შემოესმა გასროლის ხმა, თუმცა გარეთ არ გასულა და გააგრძელა მუშაობა. მასთან ერთად საამქროში იმყოფებოდა დ. ჭ-ი. მალევე სახარატო საამქროში შევიდნენ ზ. და ი. ჭ-ი, რომლებიც ძალიან შეშფოთებულები იყვნენ.
მოწმე თ. ნ-ს ჩვენებით, მუშაობს ბენზინგასამართ სადგურზე. 2016 წლის 16 მაისს იმყოფებოდა სამსახურში. მის სამსახურთან მდებარეობს გაზგასამართი სადგური, სადაც მუშაობენ ზ. და ი. ჭ-ი. მან დაინახა ავტომანქანა ,,ოპელი“, რომელიც გაჩერდა გაზგასამართ სადგურზე. იქიდან შემოესმა ხმამაღალი საუბარი. ასევე გაიგო გასროლის ხმა, თუმცა არ დაუნახავს, ვინ გაისროლა და რა მიმართულებით.
მოწმე მ. რ-ს ჩვენებით, არის ზ. ბ-ს მეუღლე. 2016 წლის 16 მაისს შვილსა და მეუღლესთან - ზ. ბ-ნ ერთად ტაქსით მივიდნენ გაზგასამართ სადგურზე, სადაც ოპერატორებს ზ-ა სთხოვა ნისიად ტაქსიში ჩაეტვირთათ ხუთი ლარის გაზი, რაზედაც ოპერატორებმა განაცხადეს უარი. აღნიშნულის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ სახლში. მისმა მეუღლემ აიღო ფული და კ-ი ახლობელთან წავიდნენ სხვა ტაქსით. გზად ზ-ა ტაქსის მძღოლს სთხოვა, რომ მანქანა გაეჩერებინა გაზგასამართ სადგურთან. ზ-ი გადავიდა მანქანიდან, მივიდა გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებთან და დაუწყო ყვირილი და მუქარა - ,,მანქანაში 5 ლარის გაზი რატომ არ ჩამისხითო“. მან გასროლის ხმა გაიგონა, თუმცა იარაღი არ დაუნახავს. იგი ცდილობდა ზ. ბ-ს დაწყნარებას, მოახერხეს მისი ჩასმა ავტომაქანაში და წავიდნენ ნათესავის სახლში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ერთი მოყვითალო ფერის მასრა.
სასამართლო სხდომაზე პრეუდიციად მიჩნეული, 2016 წლის 18 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის N დასკვნის თანახმად: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებული, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1908 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრიან ,,ლუგერის“ ვაზნის შემადგენელ კომპონენტს-მასრას, რომელიც გამოიყენება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, რიგ იარაღთა (პისტოლეტების) დიდ ჯგუფში. იგი გასროლილია კალიბრითა და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღიდან.
სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2016 წლის 17 მაისის N64/სქ დასკვნის თანახმად, რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ. გ-ა, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ საკვლევ ობიექტებზე (ზ. ბ-ს ხელებიდან, ცხვირიდან და სახიდან აღებულ ანაწმენდებზე) დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა კვალის სახით დაფიქსირდა ზ. ბ-ს მარჯვენა ხელიდან, სახიდან და ცხვირის მარჯვენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე, ხოლო მარცხენა ხელიდან და ცხვირის მარჯვენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა.
მოწმეებმა - ბ. ა-ა, ი. დ-მ და დ. ხ-ა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ზ. ბ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. უ-ა.
6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. უ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ზ. ბ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეში არ არსებობს ზ. ბ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. ზ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ზ. ჭ-ა და ი. ჭ-ს ჩვენებებით, მოწმეების - ა. ჯ-ს, დ. ჭ-ს, ა. ს-ს, თ. ნ-ს, მ. გ-ს, ბ. ა-ს, ი. დ-ს, დ. ხ-ს ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით; საქმეზე დაკითხული დაზარალებულები და მოწმეები ადასტურებენ ზ. ბ-ს ხელში იარაღის არსებობისა და გასროლის ფაქტს; შემთხვევის ადგილის მახლობლად ნაპოვნი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მასრა; გარდა ამისა, მსჯავრდებულის სხეულზე აღმოჩნდა დენთის კვალი.
9. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ზ. ბ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით. მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №455აპ-16).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი