¹ას-174-441-08 22 მაისი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჟ. და ჯ. ა-ები
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 13 სექტემბერს ქ. შ-ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ჟ. და ჯ. ა-ების მიმართ და მოითხოვა სესხის სახით გადაცემული 2000 აშშ დოლარის დაბრუნება ან ამ თანხის გადახდის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ ჟ. და ჯ. ა-ებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხად გადაცემული 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ან ამ თანხის გადახდის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების _ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ....... 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იძულებითი რეალიზაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. და ჯ. ა-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორების – ჟ. და ჯ. ა-ების გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ჟ. და ჯ. ა-ებმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არ იყვნენ გაფრთხილებულნი, საქმეში არ არსებობდა უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსამართლის თანაშემწის მიერ ტელეფონის მეშვეობით მიწოდებული ინფორმაცია სხდომის დროის შესახებ, ხანდაზმულობის გამო, სწორად ვერ გაიგეს, რის გამოც ვერ მოახერხეს სხდომაზე დასწრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ჟ. და ჯ. ა-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
აღნიშნული ნორმების თანახმად, როდესაც მოპასუხე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინააღმდეგია, მაშინ სასამართლომ უნდა გაარკვიოს თანახმა იქნება თუ არა მოპასუხე, სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვოს. თანხმობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური საშუალებებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონოგრამის შემთხვევაში _ ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ შედგენილი აქტით, რომელშიც მიეთითება ტელეფონოგრამის გადაცემის დაწყებისა და დასრულების დრო.
მოცემულ შემთხვევაში მოსამართლის თანაშემწე თ. ქ-ის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ ჟ. და ჯ. ა-ები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ კანონით დადგენილი წესით (ტ.II,ს.ფ.45). იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორები არ გამოცხადებულან და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ, სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არ იყვნენ გაფრთხილებულნი სხდომის თაობაზე, საქმეში არ არსებობდა უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მოსამართლის თანაშემწის მიერ ტელეფონის მეშვეობით მიწოდებული ინფორმაცია სხდომის დროის შესახებ, ხანდაზმულობის გამო არასწორად გაიგეს, რის გამოც ვერ მოახერხეს სხდომაზე დასწრება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, დადგენილია, რომ სასამართლო უწყება 2007 წლის 27 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ მათ გაეზავნათ კანონით დადგენილი წესით, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეშვეობით ჩაჰბარდათ 2007 წლის 27 დეკემბერს 11:00 საათზე. იმავე დღეს 16:00 საათზე ისინი მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდნენ ტელეფონის მეშვეობით და აუწყეს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რომელმაც განუმარტა, რომ საქმის განხილვა 2008 წლის 24 იანვარს 12:00 საათზე იყო გადადებული (ტ.II,ს.ფ.45). აღნიშნულს არ უარყოფენ თავად ჟ. და ჯ. ა-ები, ხოლო მათი განმარტება, რომ ხანდაზმულობის გამო სწორად ვერ გაიგეს სხდომის დრო, აღნიშნული სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სააპელაციო საჩივრის ავტორთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, რის გამოც არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები..
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ. და ჯ. ა-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.