საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №185აპ-17 ქ. თბილისი
გ-ე გ, 185აპ-17 13 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.
განაჩენით გ. გ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით გ. გ-ე ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციულ სახდელად დაედო ჯარიმა - 500 ლარი. 2016 წლის 2 მარტს გ. გ-ს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ პ-მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე ნებისმიერი ოდენობით უკანონოდ მოხმარებაში, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამ შემთხვევაში პირი თავის ორგანიზმში შეიყვანს ნარკოტიკულ საშუალებას ან მის ანალოგს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით - ექიმის დანიშნულების გარეშე. ნარკოტიკული საშუალების მიღების (მოხმარების) ფაქტი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგენილია გ. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი. ის გარემოება, რომ მას ორგანიზმში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალების შემცველობა, სადავოდ არც აპელანტ მხარეს გაუხდია.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ გ. გ-ს ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობა გამოწვეული იყო მის მიერ არა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე განზრახ უკანონოდ მოხმარებით, არამედ - სამკურნალო დანიშნულებით კანაფის ზეთის სისტემატურად მიღებით, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, კერძოდ:
დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნის თანახმად, ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ შეიცავს მცენარე - ჩვეულებრივი (სათესი) კანაფი - Cannabis sativa. მცენარე კანაფი და მისგან მიღებული პროდუქტები: მარიხუანა, კანაფის ფისი, კანაფის ზეთი (მზადდება კანაფის ფისისა და მცენარისგან), კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი ასევე შეიცავს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“. ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ შეიცავს მხოლოდ ჩვეულებრივი (სათესი) კანაფი - Cannabis sativa. სხვა მცენარეში ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ არ გვხვდება. ჩვეულებრივი (სათესი) კანაფის თესლებისგან მზადდება საკვები დანიშნულების კანაფის ზეთი, რომელიც კვალის სახით შესაძლოა, შეიცავდეს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“. ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ შეიცავს აგრეთვე პრეპარატი ,,მარინოლი“ (,,დრონაბინოლი“), რომელიც აშშ-ში, კანადაში და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გამოდის სპეციალური რეცეპტით ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამჟამად არსებული იმუნო-ქიმიური სტრიპტესტით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში - შარდში ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლსა“ და მის მეტაბოლიტებზე (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) დადებითი შედეგის მიღება 25 ნგ/მლ და მეტი კონვენტრაციის შემთხვევაში. ხოლო ლაბორატორიული, ინსტრუმენტული ანალიზის მეთოდებით, ლიტერატურის მონაცემების თანახმად, შესაძლებელია გაცილებით მცირე კონცენტრაციის დადასტურება, რომელთა რაოდენობა აპარატურის სახეობიდან შეიძლება იწყებოდეს 0,1 ნგ/მლ-დან.
აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა მ. ჯ-მ მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ კანაფის ზეთი არის საკონდიტრო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც მზადდება კანაფის თესლისაგან და, როგორც წესი, არ შეიცავს კანაბინოიდების ჯგუფს. ზეთში მისი არსებობა ნიშნავს რაღაც ტექნოლოგიურ წუნს, არასუფთა ნედლეულს, ანუ შეიძლება შეყოლილი ჰქონდეს მცენარის ნაწილები. კანაბინოლები ზოგადად შეიცავს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანაფის თესლისაგან დამზადებული კანაფის ზეთი აუცილებლად შეიცავს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“. ასეთი ტიპის ზეთში იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, თუკი მისი წარმოების დროს დაუშვეს რაიმე ტექნოლოგიური წუნი. იმის დასადგენად, ზეთში არის თუ არა ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, იგი უნდა შემოწმდეს ქიმიურად. თუ არ ჩატარდა ზეთის ქიმიური ანალიზი, მის შემადგენლობაში კიდეც რომ ეწეროს კანაბინოიდების ჯგუფი, შეუძლებელია იმის დადგენა, შეიცავს თუ არა იგი ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“. პროკურორის შეკითხვაზე ექსპერტმა მ. ჯ-მ განმარტა, რომ ეს იყო თეორიული ტიპის ექსპერტიზა და მისთვის დაცვის მხარეს გამოსაკვლევად კანაფის ზეთი არ წარუდგენია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ კანაფის ზეთი, რომელსაც გ. გ-ე მოიხმარდა, შეიცავდა ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, რადგან ექსპერტს იგი არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, შეიცავდა თუ არა იგი ნარკოტიკულ საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომ გ. გ-ე ექიმის დანიშნულებით, მკურნალობის მიზნით მართლაც მოიხმარდა კანაფის ზეთს მხოლოდ მოწმე ც. გ-ს (მსჯავრდებულის დის) ჩვენება კი საკმარისი არ არის ამ ფაქტის დასადასტურებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ექიმის დანიშნულების გარეშე, დადგენილი წესის დაუცველად, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ, რითაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-მ.
6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. პ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. გ-ს შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მითითებას იმის თაობაზე, რომ გ. გ-ს ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობა გამოწვეული იყო მის მიერ არა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, განზრახ უკანონოდ მოხმარებით, არამედ - სამკურნალო დანიშნულებით კანაფის ზეთის სისტემატურად მიღებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხები გაეცა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი