საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-178-445-08 23 აპრილი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – სს “თელასი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილის სარჩელი სს “თელასის” მიმართ სამსახურიდან დათხოვნის დღეს სს “თელასის” ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო იძულებით გაცდენილი მთელი დროისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა იმავე საქმეზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
2007 წლის 26 ივნისს ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება მოპასუხის მიერ მისთვის შრომის წიგნაკის გადაცემის ფაქტის ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი, მოსარჩელეს სარჩელის განხილვის დროსაც რომ წარმოედგინა, იგი შედეგზე გავლენას მაინც ვერ იქონიებდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ა. ღ-შვილს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად.
2007 წლის 8 ნოემბერს ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხარევზის შევსების შესახებ, სადაც გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით ა. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილევლად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, ა. ღ-შვილის მიერ 2007 წლის 8 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით სასამართლომ ხარვეზი მიიჩნია რა შევსებულად, კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე არასწორად მიიღო წარმოებაში. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, ჩათვალა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLV თავში გათვალისწინებულ აპელაციის დასაშვებობის პირობებს, რის გამოც დატოვა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის მიზნით მისი სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება მოპასუხის მიერ მისთვის შრომის წიგნაკის გადაცემის ფაქტის ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი, მოსარჩელეს სარჩელის განხილვის დროსაც რომ წარმოედგინა, იგი შედეგზე გავლენას მაინც ვერ იქონიებდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ა. ღ-შვილს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად.
2007 წლის 8 ნოემბერს ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხარევზის შევსების შესახებ, სადაც გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის მიერ 2007 წლის 8 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით ხარვეზი მიიჩნია რა შევსებულად, კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე არასწორად მიიღო წარმოებაში, ვინაიდან მან არ შემოიტანა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, ჩათვალა, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLV თავში გათვალისწინებულ აპელაციის დასაშვებობის პირობებს, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად, კანონიერ ძალაშია შესული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ა. ღ-შვილის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების თაობაზე სწორად დატოვა განუხილველად.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინების გასაჩივრებას, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დადგენილია, რომ მითითებული განჩინება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის საფუძველზე, რომლითაც იგი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. აღნიშნული განჩინება საბოლოო იყო და იგი არ საჩივრდებოდა, ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დასახელებულ განჩინებაზე ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩნებით დარჩა უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.