Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №187აპ-17 ქ. თბილისი

ღ-ი ს, 187აპ-17 13 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ღ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ს. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 13 აპრილიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ ს. ღ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:45 საათზე, თ-ი, ე-ს ქ.№-ში მდებარე, ყოფილი №-ე საჯარო სკოლის ეზოში, ს. ღ-ა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა ჭრილობა ყელის არეში მეუღლეს - ნ. ს-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ე-მ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ს. ღ-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის მინიმუმის დანიშვნას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომლითაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩადენილია არა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, არამედ - განზრახ მკვლელობა. პალატამ ხაზი გაუსვა ს. ღ-ს ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე, რაც ნათლად ჩანს მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ:

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნ. ს-ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობის შედეგად - მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის, ტრაქეის, ფარისებრი ხრტილისა და ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებით.

აღსანიშნავია, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის, შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება.

1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ს. ღ-ს ჩვენებით, მისი მეუღლე ნ. ს-ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ. საგულისხმოა, რომ ნ. ს-ს დამოკიდებულება ალკოჰოლური სასმლის მიმართ და ამის გამო მეუღლეებს შორის არსებული უთანხმოების ფაქტი დაადასტურეს ასევე მოწმეებმა. თავად ს.ღ-ს განმარტებით, 2016 წლის 13 აპრილს, სახლში დაბრუნებისას, ნ.ს-ე სახლში არ დახვდა, ხოლო დარეკვისას უპასუხა, რომ თითქოს იყო სახლში. განმეორებით დარეკვისას მას უპასუხა უცნობმა მამაკაცმა. იმყოფებოდა სახლის ეზოში, როდესაც მოვიდა ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა ნ. ს-ე, რომელიც იყო ნასვამი და ხელში ეჭირა 5-ლიტრიანი ლუდის ბოთლი. აღნიშნულის დანახვაზე მან ნ. ს-ს დაუწყო ხელებით ცემა, რის შედეგადაც იგი წაიქცა. ს. ღ-ს განმარტებით, თმით არ უთრევია, მაგრამ სახლისკენ მიჰყავდა, რა დროსაც მათთან მივიდა უცნობი მამაკაცი. მას არ ახსოვს, გამოუსვა თუ არა ყელში ნ-ს დანა. გაეკიდა უცნობ მამაკაცს და შემდეგ დაბრუნდა. ნ.ს-ე ძირს იწვა და დაინახა, რომ სისხლი სდიოდა. ახსოვს, რომ დანით უნდოდა 5-ლიტრიანი ლუდის ბოთლის გადაჭრა, მაგრამ დანა როდის ამოიღო, არ ახსოვს. მეუღლეზე გაბრაზების საფუძველი, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისა და ლუდის ბოთლის დანახვის გარდა, უცნობ მამაკაცზე ეჭვიანობაც იყო. ს.ღ-ს განმარტებით, მას არ ჰქონია მეუღლის მოკვლის განზრახვა, რადგან განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაარტყამდა დანას. მან თავი დამნაშავედ ცნო მეუღლის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გადმოცემული არგუმენტები და თავად მსჯავრდებულის ჩვენებაში ასახული გარემოებები, ვინაიდან არ გამომდინარეობს იმ მტკიცებულებებიდან, რაც გამოიკვლია სასამართლომ და ასევე - იმ მტკიცებულებებიდან, რომლებიც მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ს. ღ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს. ღ-ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ს. ღ-ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. იგი დანაშაულის ჩადენის დროს ასევე არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე. ასევე საყურადღებოა მოწმეების - ი. ა-ს, ე. ნ-ს, ქ. კ-ს, ნ. კ-ს, რ. კ-ს, ზ. ს-ს ჩვენებები; ხოლო მტკიცებულებები: მოწმეების - ნ. ჯ-ს, ი. ტ-ს, გ. ხ-ს, ლ. ყ-ს, ნ. მ-ს, ზ. ზ-ს, რ. ს-ს დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ს. ღ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის № დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის № დასკვნები, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა № ექსპერტიზის დასკვნა და ბიოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს. ღ-ს ძლიერი, სულიერი აღელვების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია გაუფრთხილებლობით ნ. ს-ს სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. დაცვის მხარის არგუმენტით, ს. ღ-ს სურდა ლუდის ბოთლის გადაჭრა, თუმცა გაუფრთხილებელი ქმედებით სიცოცხლე მოესპო ნ-ი ს-ს. აღნიშნული განმარტება არ არის სარწმუნო, რადგან ს. ღ-ი დანის გამოყენებამდე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ნ. ს-ს. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია, შემთხვევით, გაუფრთხილებელი ქმედებით, კისრის მიდამოში დაზიანება მიაყენო ადამიანს და აღნიშნული ქმედება გაამართლო ბოთლის გადაჭრის სურვილით. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს ნ. ს-ე უკვე წაქცეული იყო და არც ლუდის ბოთლი ჰქონია კისერთან მიდებული. გარდა ამ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, რომლებიც თავისთავად ბადებენ ეჭვს ს. ღ-ს ჩვენებაში, ასევე გასათვალისწინებელია იმ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებმაც პირდაპირ მიუთითეს განვითარებული მოვლენების შესახებ.

აპელანტის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ე. ნ-ს ჩვენება, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან ეწინააღმდეგება მტკიცებულებებს და ვერ იქნება მიჩნეული საკმარის არგუმენტად. ის გარემოება, რომ მხოლოდ აღნიშნულმა მოწმემ აღწერა დეტალურად ს. ღ-ს მოქმედებები, არ მიუთითებს ჩვენების არასანდოობასა და მოწმის არაგულწრფელობაზე. საგულისხმოა სხვა მოწმეთა ჩვენებებიც. კერძოდ, მოწმე ი. ა-ს, მართალია, უშუალოდ დანის მოქნევის ან დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ. ასევე განმარტა, რომ ე. ნ-ა ყვირილი დაიწყო და სთხოვა მას სასწრაფოში დაერეკა, რადგან ყელი ჰქონდა გამოჭრილი ნ-ს. მოწმე ქ. კ-ს ჩვენების თანახმად, ფაქტს შესწრებია დედამისი - ნ. კ-ა. თავად ნ. კ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ დაინახა, თუ როგორ დააგდო ძირს ს. ღ-ა თავისი მეუღლე და როგორ სცემდა ხელებით და ფეხებით. ცდილობდა ს-ს (ს. ღ-ს) შეჩერებას და ზურგის მხრიდან ხედავდა მის მოქმედებებს. მართალია, აღნიშნულ მოწმეს უშუალოდ დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ ს. ღ-ს მოქმედებების აღწერა შეესაბამება ე. ნ-ს ჩვენებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა დანაშაულის ჩადენის მოტივზე, რასაც ამყარებს როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებები, ისე, თავად ს. ღ-ს მიერ 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მიცემული განმარტებები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შურისძიება არ არის ადეკვატური პასუხი და მოქმედება გარკვეული ქმედების საწინააღმდეგოდ. ს. ღ-ს ქმედება კი განპირობებული იყო სწორედ შურისძიების მოტივით - ნ. ს-ს ქმედებების სანაცვლოდ რეაგირება მოეხდინა არასწორი ფორმით. განვითარებული მოვლენები - ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ხელებით, ფეხებით ცემა და შემდეგ დანის დარტყმა, მეტყველებს სწორედ ს. ღ-ს განზრახვაზე - მოეხდინა ნ. ს-ს სიცოცხლის განზრახ ხელყოფა. იმ ვითარებაში, როდესაც სუბიექტი ასრულებდა მიზანმიმართულ ქმედებას, შეუძლებელია, იმავდროულად არ გაეთვალისწინებინა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის საშიშროება. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში არის გამოკვეთილი და მიზეზობრივად უკავშირდება ს. ღ-ს მხრიდან ნ. ს-ს დანით სასიცოცხლო ორგანოში (ყელის არეში) მიყენებულ დაზიანებას.

სამედიცინო ექსპერტიზის № დასკვნის თანახმად, კისრის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის დაზიანებით, ბეჭ-სასულეს იოგის გადაჭრით სასულეს აპკისებურ ნაწილამდე, ფარისებრი ხრტილის მარჯვენა ფირფიტის, ფარისებრი ჯირკვლის მარჯვენა წილის დაზიანებით, განვითარებული იყო მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ სიკვდილის ფაქტთან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ს. ღ-ს ქმედებით განხორციელდა საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ფაქტები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, ს. ღ-ს ჩვენებასთან ერთად, მიუთითებენ, რომ მის ქმედებას წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა მსჯავრდებულის მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ს. ღ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ღ-ა.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მსჯავრდებული ს. ღ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას, რადგან ჩადენილია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №701აპ-10, №850აპ-10).

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ თითქოს, მას არ ჩაუდენია ნ. ს-ს განზრახ მკვლელობა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც არ დაეთანხმა დაცვის მხარეს.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ს. ღ-ი საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი