¹ ბს-1035-883-კ-04 4 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 27 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 20 თებერვლის ¹83 ბრძანებულების საფუძველზე აშშ-ის მიერ საქართველოსათვის კრედიტის სახით გამოყოფილი 20 მლნ დოლარით შეძენილი ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგებიდან, ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ს-ის” შორის 1998წ. 12 თებერვალს გაფორმებული ¹38 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, შპს “ს.”-ს ერთი წლის ვადით გამოეყო 800000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში წლიური 15% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, ძირითადი ვალი და მასზე დარიცხული სარგებლის თანხა დაეფარა სესხის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში ურთიერთშეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაუფარავი ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებლის თანხა ჩაითვლებოდა ვადაგადაცილებულ ვალად, ხოლო საგადასახადო ვალდებულებები შეუსრულებულ საგადასახადო ვალდებულებად. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დავალიანების თანხის ფაქტობრივად გარდამავალ ნაშთზე დასარიცხი საჯარიმო თანხა გაიანგარიშება ამ თანხის 0,11-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო 05.07.98 წლიდან 08.03.99 წლამდე, ხოლო საქენერგოს პროცენტისა _ 05.04.98 წლიდან 05.03.99 წლამდე.
ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს “ს-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2004წ. 15 იანვრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება _ 2663863 აშშ დოლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა _ 800000 აშშ დოლარი, სარგებლობისათვის პროცენტი _ 120000 აშშ დოლარი და საურავი _ 1743 863 აშშ დოლარი.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 29 დეკემბრის ¹719 ბრძანებულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ს.” შორის 1998წ. 30 დეკემბერს გაფორმებული ¹3 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის სახით შპს “ს-ს” გამოეყო 1 303 088 აშშ დოლარის ეკვივალენტის თანხა ეროვნულ ვალუტაში ექვსი თვის ვადით.
ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, კრედიტის ძირითადი თანხა დაეფარა სესხის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში ურთიერთშეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაუფარავი ძირითადი თანხა ჩაითვლებოდა ვადაგადაცილებულ დავალიანებად, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, დავალიანების ფაქტობრივ ნაშთზე დასარიცხი საჯარიმო თანხა გაანგარიშდებოდა ამ თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს “ს-ს” 2004წ. 15 იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება დავალიანება 5807863 აშშ დოლარი, მათ შორის: ძირითადი თანხა _ 1303088 აშშ დოლარი, საურავი _ 4504775 აშშ დოლარი.
მოსარჩელე იმ საფუძვლით, რომ შპს “ს.” არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და შესაბამისად, არღვევდა სკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნებს, ითხოვდა შპს “ს-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა 8471726 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად, ასევე საურავის თანხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის დაფარვამდე შემდეგი გაანგარიშებით: 800000 აშშ დოლარის კრედიტზე ყოველდღიურად 950 აშშ დოლარი, 1 303 088 აშშ დოლარის კრედიტზე ყოველდღიურად 2 693 აშშ დოლარი.
მოპასუხე _ შპს “ს-ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს “ს-მა” ფაქტობრივად მიიღო 1061000 ლარი, თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 800000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი არ არსებობს.
მოპასუხის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ს-ს” შორის 1998წ. 30 დეკემბერს გაფორმებული ¹38 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1303088 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვეულ ვალუტაში შპს “ს-ს” საერთოდ არ მიუღია. ამასთან, ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებაში გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს “ს.”-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 663 863 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად;
სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ შპს “ს.”-ს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, გააჩნია დავალიანება 2663863 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს “ს.” წარმოეშვა ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2663863 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდის ვალდებულება.
სკ-ის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ამასთან, სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო სკ-ის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება _ ამ შემთხვევაში დავალიანების 2 663 863 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვადუტაში გადახდა. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ხოლო, რაც შეეხება სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლას, სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ, მართალია, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, მაგრამ სკ-ის 134-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ 2001წ. 4 ივნისს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით და შპს “ს-ს” მიმართა თხოვნით, მისულიყვნენ სასესხო დავალიანების შესახებ ურთიერთშედარების აქტზე ხელმოსაწერად ან 2001წ. 10 ივნისამდე წერილობით ეცნობებინათ მათი პროცენტული სასესხო დავალიანების ოდენობაზე. დადგენილ ვადაში წერილობითი პასუხის წარუდგენლობა ჩაითვლებოდა საწარმოს თანხმობად ფინანსთა სამინისტროს მიერ გადაანგარიშებული სასესხო დავალიანების მოცულობაზე. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნულზე წერილობითი პასუხი და რეაგირება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულით ფაქტობრივად მოხდა ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რითაც ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.
რაც შეეხება მეორე კრედიტორს _ სასამართლო კოლეგიის მითითებით, მოსარჩელემ, ფინანსთა სამინისტრომ, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ან თუნდაც მისი ნაწილის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა მოპასუხისათვის 1303088.20 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრული უპროცენტო სესხის გამოყოფა.
შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს არ ეკისრებოდა ვალდებულების წინასწარი შესრულება, და ჩათვალა, რომ ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ამ ნაწილში იყო უსაფუძვლო.
არ დაეთანხმნენ რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ფინანსთა სამინისტრომ, ასევე შპს “ს-მა”.
კასატორი _ ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არ ეთანხმებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებები, დასკვნები და მოთხოვნები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნაზე _ მოპასუხეს დაკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის დაფარვამდე, 800000 აშშ დოლარის კრედიტზე ყოველთვიურად 950 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, უარის თქმის თაობაზე იურიდიულად არასრულყოფილია.
კასატორი მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის დადებული 1998წ. 30 დეკემბრის ¹3 საკრედიტო ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა “კრედიტორის” (ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს) ვალდებულება _ სახელმწიფო კომპანია “ს-სათვის” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოეყო უპროცენტო სესხი 1303008.20 აშშ დოლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტრომ თავისი ვალდებულება შეასრულა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს გადაუხადა “ს-ს” ვალი. ამდენად, გადაწყვეტილებაში მითითებული მოსაზრება, თითქოს მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა მოპასუხისათვის 1303088,20 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში უპროცენტო სესხის გამოყოფის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, იყო არა სწორი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორი _ შპს “ს” საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კერძოდ, სკ-ის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვალდებული პირის, ე.ი. შპს “ს”-ს მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება და ამით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, კასატორის მოსაზრებით, იყო არასწორი, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს წერილი შპს “ს-ის” კანცელარიაში არ შესულა არ არის რეგისტრირებული საწარმოს კანცელარიის მიერ კორესპოდენციათა სპეციალურ რეესტრში, ამასთან, ფინანსთა სამინისტროს არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს წერილი ნამდვილად იქნა მიღებული შპს “ს-ს” მიერ. აქედან გამომდინარე, წერილზე რეაგირება ვერ მოხდებოდა და შესაბამისად, ვერ შეწყდებოდა ხანდაზმულობის ვადის დენაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელზე მთლიანად უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, მითითებული ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ს-ს” შორის 1998წ. 12 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ს-ს” ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2663863 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს “ს-ის” მიერ წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას აფუძნებს იმ ერთადერთ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის მოტივით დაუშვებელია ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულებითი სამართლიდან და დავის გადაწყვეტა, მათ შორის _ ხანდაზმულობის ვადების ათვლა, უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს: სკ-ის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
საქმეში წარმოდგენილი 1998წ. 12 თებერვლის ¹38 ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ მოცემული ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებათა მთლიანად შესრულებამდე.
ამდენად, როგორც წინამდებარე ნორმიდან ირკვევა, ხელშეკრულების დადების მომენტში, მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირობა, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა დაუკავშირდა მხარეთა მხრიდან ვალდებულებების შესრულებას და არ შემოიფარგლა დროის გარკვეული პერიოდით.
იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი თავადვე ადასტურებს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, დაუშვებელია _ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე საუბარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია და როგორც აღინიშნა, კასატორი შპს “ს” სადავოდ ვერ ხდის თავად ვალდებულების არსებობის ფაქტს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს “ს-ის” კასაციის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას მხარეთა შორის 1998წ. 30 დეკემბერს გაფორმებული ¹3 საკრედიტო ხელშეკრულების შეფასების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საქმე ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, “კრედიტორი” ვალდებულია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე სახელმწიფო კომპანია “ს-ს” ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კომპანია “ს-ს” გამოუყოს უპროცენტო სესხი 1303088,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით.
საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო დავალება, რომელშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის გადარიცხული თანხის ციფრობრივი მონაცემები მითითებულია სრულად და ემთხვევა მხარეთა შორის 1998წ. 30 დეკემბერს დადებულ ¹3 ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას.
ეს უკანასკნელი გარემოება იძლევა საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისა, ხომ არ მოხდა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან “ს-ს” ფინანსური ვალდებულებების პირდაპირი და უშუალო გადახდა, რისთვისაც საქმე მითითებულ ნაწილში, შემდგომი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
რაც შეეხება კასატორის _ ფინანსთა სამინისტროს პრეტენზიას საოლქო სასამართლოს მხრიდან 800000 აშშ დოლარის კრედიტზე ყოველთვიურად 950 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის დაუსაბუთებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს ვერ გაიზიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორი ვერც სააპელაციო და ვერც საკასაციო სასამართლოში ვერ ასაბუთებს თავის მოთხოვნას და ვერც უთითებს მოთხოვნის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვა მასა და სახელმწიფო კომპანია “ს-ს” შორის 1998წ. 30 დეკემბერს დადებული ¹3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. შპს “ს-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.