ას-184-519-07 E24 მაისი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. წ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ხ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ხ.-ის სარჩელი მოპასუხე ლ. წ.-სთან განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის შეწყდა ქარელის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ 1987 წლის 11 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება. ლ. წ.-ის შეგებებული სარჩელი ფართის გამოყოფისა და თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ.-მ, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით ლ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა Lლ. წ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ მას გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. წ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი Lლ. წ.-ს ჩაბარდა 2006 წლის 27 ნოემბერს, უშუალოდ სასამართლოში (ს.ფ.129). სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2006 წლის 11 დეკემბერი, ხოლო მან აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 19 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კერძოO საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, 2006 წლის 9 დეკემბერს თბილისიდან ფოსტის საშუალებით გააგზავნა ქარელის რაიონულ სასამართლოში, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შპს «... ფოსტის» მიერ გაცემული ქვითრები, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან წარმოდგენილი ქვითრებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული, სააპელაციო საჩივრის გადმოგზავნას ეხება.
ამდენად, Lლ. წ.-ის მიერ ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
Lლ. წ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.