ას-186-521-07 1 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გორის ს...
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “მ...”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გაკოტრების წარმოების გახსნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „მ...ს “ დამფუძნებელი პარტნიორი არის სახელმწიფო ... სამინისტრო 100%-იანი წილით.
საქართველოს კანონების „მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 07 აგვისტოს ¹178 ბრძანებულების, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 25 ოქტომბრის ¹1-3/750 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001 წლის 28 ივნისის ¹5.1/1345 წერილის, შპს „მ...ს“ 2001 წლის 05 მაისის პარტნიორთა კრების ¹4 ოქმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1.3/609 ბრძანების თანახმად შეიქმნა შპს „მ...ს“ სალიკვიდაციო კომისია. ლიკვიდაციის პერიოდში ჩატარებულ იქნა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებული რიგი სამუშაოები. ქონებაზე გამოცხადებულ იქნა აუქციონი. რეალიზებიდან სულ შემოსულ იქნა 135773 ლარი.
2006 წლის 05 ივლისს შპს „მ...ს“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გახსნილიყო გაკოტრების საქმის წარმოება შპს „მ...ს“ ქონებაზე, ვინაიდან არსებობდა საწარმოს ზედავალიანება.
2006 წლის 04 აგვისტოს განჩინებით კასპის რაიონული სასამართლოს მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა გაკოტრების დროებითი მმართველი.
2006 წლის 19 სექტემბერს კასპის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე. ამავე განჩინებით შპს-ს აეკრძალა ქონების განკარგვა, დაინიშნა გაკოტრების მმართველი, საწარმოს ყველა კრედიტორს დაენიშნა ვადა თავიანთი მოთხოვნების წარმოსადგენად, შეჩერდა იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და დადგინდა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის ს...მ და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან მიიჩნია, რომ საწარმოს გააჩნია 875176 ლარის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფოს გააჩნია გადამხდელზე ზემოქმედების და თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და იგი თავადაც შესძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას და ამისათვის არ ესაჭიროება გაკოტრების მმართველი (დახმარება). გაკოტრების საქმეთა წარმოების გახსნით გაკოტრების დროებითი მმართველის დანიშვნა და სხვა ხარჯები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირებს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი საწარმოს ქონებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უფლებამოსილი არ არის უარი თქვას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე თუ დადასტურებულია გაკოტრების საფუძველი, გაკოტრების საფუძველი კი კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.
2007 წლის 26 თებერვალს გორის ს...მ კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის საქმეში არარსებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, როდესაც 100% სახელმწიფო საკუთრებით დაფუძნებული იურიდიული პირის მიმართ იხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და როდესაც საწარმოს ძირითად კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო, სასამართლო გაკოტრების წარმოების გახსნის საკითხის გადაწყვეტისას არ უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონით. ამდენად, მიზანშეწონილობის და სამართლიანობის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლი, ასევე კასპის რაიონული სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2-ე, 84-ე, 87-ე და 88-ე მუხლებით, აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” პუნქტით.
საკასაციო პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ხარვეზი, კერძოდ დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა გასაჩივრებული განჩინების ზუსტი თარიღი და საქმის ნომერი, რადგან კერძო საჩივარში მითითებული არარსებული თარიღი და საქმის ნომერი შეუძლებელს ხდიდა საქმის განხილვას.
2007 წლის 26 აპრილს გორის ს...მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და განაცხადა, რომ მათ კერძო საჩივარში დაშვებული შეცდომა, ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის საქმე ¹2ბ/2495-06-ის განჩინების ნაცვლად, უნდა იყოს მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის საქმე ¹2ბ/2495-06–ის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის ს...ის კერძო საჩივარი დაუშვებელია საკასაციო ინსტანციაში განსახილველად. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი არეგულირებს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია თუ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია გაკოტრების სასამართლოს დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის თანახმად აღნიშნული დადგენილება არ საჩივრდება. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები. საგულისხმოა ის გარემოება, რომ კანონმდებელი არ უთითებს თუ რა მოიაზრება საკასაციო საჩივრის საფუძვლების არსებობაში. ასეთ საფუძვლებს უნდა შეიცავდეს კერძო საჩივარი თუ თვით გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან არ იკვეთება თუ რა დროს უნდა იქნეს განხილული კერძო საჩივარი, როდესაც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ან განმარტა კანონი და ა.შ. თუ როდესაც ასეთ საფუძვლებს ადგილი აქვს გასაჩივრებულ განჩინებაში.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის საფუძვლების არსებობის შემოწმება უნდა მოხდეს ორივე ზემოთ მითითებული პირობით. კერძო საჩივარში მითითებული უნდა იქნეს ასეთი საფუძვლების არსებობის თაობაზე და ამასთან, გასაჩივრებულ დადგენილებაშიც უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი, კერძოდ, სასამართლოს დადგენილება უნდა ეფუძნებოდეს ისეთ ნორმას, რომელიც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ან არ გამოიყენა ისეთი ნორმა, რაც უნდა გამოეყენებინა და სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია კერძო საჩივარი შეიცავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მაგრამ ასეთს არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინება. სასამართლოს გამოყენებული აქვს ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად არ არსებობდა სხვა ნორმათა გამოყენების საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის ს...ის კერძო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.