ას-187-522-07 12 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი (მოპასუხე)
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელს ქ.ქობულეთში, ... ქ. ¹257ბ-ში მდებარე სახლთმფლობელობის მთლიანად მიკუთვნებაზე ეთქვა უარი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ა. მ-მ 2005 წლის 5 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული განჩინება საპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებაზე ა. მ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი, საქმეში მითითებულ მისამართზე 2006 წლის 4 აგვისტოს გაეგზავნა ა. მ-ს (ს.ფ. 380), რომელიც 2006 წლის 12 აგვისტოს პირადად ჩაბარდა მას (ს.ფ. 381). აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. მ-ს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 24 აგვისტოს ჩათვლით; მან კი კერძო საჩივარი, რომელიც მის მიერ დათარიღებულია 2006 წლის 8 დეკემბრის თარიღით, ფოსტის მეშვეობით გააგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2006 წლის 8 დეკემბერს, ე.ი. კერძო საჩივის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12 დღიანი ვადა და ა. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.