Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №154აპ-17 ქ. თბილისი

ლ-ა მ, 154აპ-17 12 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის შეფარდებისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 მარტიდან.

განაჩენით მ. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 5 მარტს, ღამის საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა მ. ლ-მ უკანონოდ შეაღწია ქ. ს-ი, ჭ-ს ქუჩაზე მცხოვრებ ლ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, 1000 ლარად ღირებულ ქალის მაჯის ოქროს საათს, 20 ლარად ღირებულ ერთ ოქროსფერ ხანჯალს და 80 ლარად ღირებულ, ნაცრისფერ კოლოფში მოთავსებულ 6 ცალ ვერცხლის სუფრის კოვზს, რითაც ლ. ბ-ს მიადგა 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2016 წლის 5 მარტს, ღამის საათებში, ქ. ს-ი, ჭ-ს ქუჩაზე მცხოვრებ ლ. ბ-ს მის საცხოვრებელ სახლში მ. ლ-ა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ლ-მ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

მ. ლ-ს საცხოვრებელი ადგილის 2016 წლის 7 მარტის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა დანა, ლითონისსამაჯურიანი საათი და კოლოფში მოთავსებული 6 კოვზი, ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების 2016 წლის 7 მარტის ოქმის მიხედვით, მ. ლ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 6 კოვზი წარედგინა ლ. ბ-ს, რომელმაც განმარტა, რომ ეს კოვზები ეკუთვნის მას და ისინი 2016 წლის 5 მარტს მისი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა მ. ლ-მ.

მოწმე რ. ბ-ს ჩვენებით, მის მეზობელ მ. ჯ-ს დაურეკა მ. ბ-მ, რომელმაც უთხრა, რომ მ. ყოფილა შესული დედამისთან - ლ. ბ-ნ 5 მარტს და ყელის გამოჭრით ემუქრებოდაო. როცა გადავიდნენ, ლ. ბ-ა ნახეს აკანკალებული, ხოლო ფანჯრის მინები იყო ჩამტვრეული. ლ-მ ნივთები მოიძია და თქვა, გატანილია ოქროს საათი, ხანჯალი და ვერცხლის კოვზებიო.

მოწმე ბ. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. სახლის ფანჯრის მინები იყო დამსხვრეული. ექსპერტმა ამოიღო ხელის კვლები, რაც დაილუქა.

მოწმე მ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ. ბ-ნ მოპარულ ნივთებს მ. ლ-ა თავის სახლში ინახავდა.

მოწმე ი. გ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ს-ს რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. მან ჩაატარა ჩხრეკა მ. ლ-ს საცხოვრებელ ადგილზე, რომელიც წარმოადგენდა ლითონის ვაგონს, საიდანაც ამოიღეს საათი ლითონის სამაჯურით, დანა და კოვზების ნაკრები, რაც დაილუქა. ამის შემდეგ მ. ლ-ა დააკავეს.

მოწმე გ. გ-მ განაცხადა, რომ გამოცხადდნენ მ. ლ-ს საცხოვრებელ ადგილზე, რომელიც წარმოადგენდა რკინის კონსტრუქციის ვაგონს, საიდანაც ამოიღეს დანა, მაჯის საათი და 6 კოვზი, რაც დაილუქა.

მოწმე ვ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ. ლ-ს საცხოვრებელ ადგილას ჩატარდა ჩხრეკა. ის ცხოვრობდა ვაგონში, საიდანაც ამოიღეს დანა, მაჯის საათი და 6 კოვზი, შემდეგ იგი დააკავეს ბრალდებულის სახით, ხოლო ნივთები დაილუქა.

მოწმე მ. ჯ-მ განაცხადა, რომ დაურეკა მ. ბ-ა, რომელმაც უთხრა, რომ ვერ უკავშირდებოდა დედამისს - ლ. ბ-ს. როდესაც გადავიდა მასთან რ. ბ-ნ ერთად, ნახა გაფითრებული, აკანკალებული ლ. ბ-ა.

მოწმე ლ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 5 მარტს იმყოფებოდა სახლში. კარი დაკეტილი ჰქონდა. როდესაც შემოვიდა მ. ლ-ა, მივიდა მასთან, ხელი მოჰკიდა და უთხრა, არ იკივლო, თორემ დანით ყელს გამოგჭრიო, შემდეგ დაუწყო საუბარი შვილთან დაკავშირებით. მას ძალიან შეეშინდა, რადგან წარსულში მ. ლ-მ ჩაიდინა დანაშაული მის წინააღმდეგ. იგი ფანჯრიდან იყო შემოსული. შემდეგ ნახა, რომ სახლში აღარ იყო ხანჯალი, საათი და კოვზები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები საპროცესო მოქმედებების არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებ, რადგან გამოძიების მიერ მტკიცებულებების მოპოვებისას საპროცესო კანონმდებლობის ისეთი დარღვევები არ მომხდარა, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ. ლ-ს მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ლ-მ.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მსჯავრდებული მ. ლ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი - მსჯავრდებული მ. ლ-ა ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

9. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო (იხ. საქმე #1149აპ-10). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, მსჯავრდებული მ. ლ-ა საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

10. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი